16 სექტემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიმოხილვა

პუბლიკა

16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების უმეტესობა – 145, აჭარაში დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ამ დროისთვის 2758-ს მიაღწია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,  covid-19-ის შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

• თბილისი – 29;
• აჭარა| ბათუმი – 144; ქობულეთი – 1;
• იმერეთი| ქუთაისი – 7; საჩხერე – 1;
• შიდა ქართლი|გორი – 4;
• ქვემო ქართლი| გარდაბანი – 3;
• გურია| ოზურგეთი – 4;
• ზემო სვანეთი-სამეგრელო| ზუგდიდი – 2; ფოთი – 1;
• მცხეთა-მთიანეთი| მცხეთა – 1;

როგორც აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა, აჭარაში გამოვლენილ ახალ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი უკავშირდება გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს, რომლებიც იყვნენ იზოლაციაში და, ეფაძის თქმით, მიზნობრივად გაიარეს ტესტირება.

„ისინი არიან უკვე განსაზღვრული ე.წ. მინიკლასტერებისა და სხვადასხვა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. საკარანტინო სივრციდან გახლავთ 2 შემთხვევა. კლინიკაში მკურნალობას გადის 321 პაციენტი, ხოლო უკვე ჯამში კლინიკებიდან ე.წ. covid-სასტუმროებში გადაყვანილია 152 პირი და ისინი მეთვალყურეობას იქ გაივლიან“, – აღნიშნა ეფაძემ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროს ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა ვისრუსი.

„სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით, გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე გაიარა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს დაუდასტურდა, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.