2 აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდიდან მოხსნეს, Covid-19 არ დაუდასტურდათ

დღეს საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისი თქმით, გამოცდაზე გამოცხადა აბიტურიენტთა 95%, რომელთაგან არც ერთი არ მოუხსნიათ გამოცდიდან.

გორგოძის თქმით, რამდენიმე აბიტურიენტს, ტემპერატურის გამო, სარეზერვო სივრცეებში მოუწია გამოცდის ჩაბარება.

გორგოძემ იმ 2 აბიტურიენტზეც ისაუბრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ გამოცდიდან მოხსნეს. გორგოძის თქმით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„2 აბიტურიეტს, რომელიც არ დაიშვა გამოცდაზე, ჩაუტარდა PCR ტესტირება. საბედნიეროდ, მათ არ აღმოაჩნდათ კოვიდინფექცია. ჩვენ, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში. ამიტომ ვფიქრობ, მათ წელს ამის პრობლემა არ ექნებათ და საბოლოოდ ისინი გამოცდებს არ გამოეთიშებიან”, – განაცხადა გორგოძემ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით.