20 ივნისს არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა - გახარია

პუბლიკა

„20 ივნისის განმავლობაში არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანებისა და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისის განმავლობაში, ჩემი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა, გიორგი გახარიამ. გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ დღემდე არ არის ცნობილი, თუ ვისი ბრძანებით ესროლეს პოლიციელებმა დამიზნებით ე.წ. დათვის ტყვიები, გახარია ამბობს, რომ ამის შესახებ საგამოძიებო მასალებში არის პასუხი.

„შეგიძლიათ, საგამოძიებო მასალებს გაეცნოთ, იქ ყველაფერზე არის პასუხი. დათვის ტყვია იყო, თუ არ იყო დათვის ტყვია, სჭირდებოდა ამას ბრძანების გაცემა, თუ არ სჭირდებოდა მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ. შტურმის მოწოდება პარლამენტზე დაიწყო დაახლოებით 12-ის ნახევრიდან და მანამდე პოლიცია ითმენდა პირდაპირ ფიზიკურ შეტევებს. არაერთი ფარი იყო გატაცებული და 30-მდე პოლიციელი დაშავებული. ამას პირდაპირ ეთერში ხედავდნენ ადამიანები… მე იქ ვიყავი და ვუყურებდი, მელია, როგორ მოუწოდებდა შეჭრისკენ“, – თქვა მან.