26 ოქტომბრიდან ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დამატებით 77 ათასი დოზა განაწილდება – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, ქვეყანაში არ გამოჩენილა. მისი ცირკულაცია მოსალოდნელია ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში პირველ ეტაპზე შემოტანილია 25 ათასი ვაქცინა მაღალი რისკჯგუფებისთვის, ესენია:

  • ორსულები;
  • ბაღის აღმზრდელები;
  • შიდსით დაავადებულები;
  • C ჰეპატიტით დაავადებულები;
  • მოხუცთა სახლები;
  • ბავშვთა სახლები;

გამყრელიძის მტკიცებით, ვაქცინა 10 დღეზე მეტია, ყველა მუნიციპალიტეტშია განაწილებული, თუმცა აცრილია მხოლოდ 5 ათასი ადამიანი.

მისივე ცნობით, კვირას, 25 ოქტომბერს, ჩამოვა გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის  77 ათასი დოზა, 26 ოქტომბრიდან კი განაწილდება ქვეყნის მასშტაბით. გამყრელიძის თქმით, ამ ვაქცინით უნდა აიცრან:

  • 65 წელზე ხანდაზმულები, გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებით;
  • დიაბეტის მქონეები;
  • სამედიცინო პერსონალი და ა.შ.;

„თვის ბოლოს, ნოემბრის 3-4 რიცხვში შემოვა კიდევ 110 ათასი, რაც სახელმწიფომ იყიდ,ა დამატებითი დოზა. ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი დოზა იმ 100 ათასიდან, რომლის 77-იც უნდა შემოვიდეს კვირას.

მაქვს ასევე ინფორმაცია, რომ კერძო სექტორს ექნება დამატებით 40 ათასი დოზა. ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის თვე იქნება აქტიური იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში, არასდროს არ არის ეს დაგვიანებული, თუმცა უმჯობესია, ახლა აიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.