„მადლობა 26-წლიანი ბედნიერებისთვის, ვეცდები ჩემით იამაყო" | ნავალნის ცოლის გამოსამშვიდობებელი წერილი

პუბლიკა

„მადლობა 26-წლიანი ბედნიერებისთვის… ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო…” – ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, ქმრის დაკრძალვის შემდეგ გამოსამშვიდობებელ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. კი, თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი იცინოდი და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი.

არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე. მაგრამ, ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები.

ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, ტელეფონშიც კი შენახული მაქვს იმდენი სიმღერა, სულელური და სასაცილო. ზოგი, გულწრფელად რომ გითხრა, საშინელი სიმღერაა, მაგრამ ისინი ჩვენზეა და ძალიან მინდოდა, მოგესმინა. მე კი, ძალიან მინდოდა მეყურებინა, როგორ მოუსმენდი მათ, გაიცინებდი და მერე ჩამეხუტებოდი.

მიყვარხარ სამუდამოდ… მშვიდად განისვენე“, – წერს იულია ნავალნაია.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დღეს, 1-ელ მარტს, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს – ადგილზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ისინი ნავალნის სახელს სკანდირებდნენ.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.