ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, თურნავას ამ პოსტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.

ხოლო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, დავითაშვილის მოადგილე, ოთარ შამუგია იქნება.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სურს შეიცვალოს სფერო მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია თუ რა პოზიციაზე გადაინაცვლებს.

„რაც შეეხება გეგმებს. ეს სამი წელი არ იყო მარტივი. ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო და რთული იყო. მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები.

ჯერ ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას საზოგადოებას გავანდობ. დიდი მადლობა, მედიას, იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“,- აღნიშნავს თურნავა.


ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა. მანამდე ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იყო. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, იგი 2014 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო მინისტრად 2017 წელს დაინიშნა.