დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვედრაზე დონალდ ტრამპს წარუდგენს გეგმას, რომელიც გულისხმობს 30 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნას უკრაინაში, რათა აშშ-ს თავისი ჯარების განლაგება არ მოუწიოს.
ბრიტანული მედიის თანახმად, კირ სტარმერი ტრამპს დეტალურად განუმარტავს, როგორ შეუძლია ევროპულ ძალებს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმების კონტროლი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით იქნება მიღწეული.
The Telegraph-ის თანახმად, ის ასევე მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, განლაგებული ჰქონდეს მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში, რათა რუსეთის მიერ ზავის რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში, შეძლოს რუსული ლეტალური ძალის პასუხი.
ევროპის სხვა ლიდერებისთვის „დამშვიდების ძალის“ შესახებ ანგლო-ფრანგული სტრატეგიის წარდგენა მიმდინარე კვირას პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მოხდა. შეხვედრა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის შესახებ დონალდ ტრაპმის განცხადებების საპასუხოდ დაინიშნა.
ევროპა შეშფოთდა, ვინაიდან გაჩნდა საფრთხე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინასთან დაკავშირებით „ხელები დაიბანოს“. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ევროპელებსა და კანადას ეკისრება.
„ტელეგრაფის“ თანახმად, შეხვედრაზე კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ იმოქმედებს, როგორც ხიდი ვაშინგტონსა და ევროპას შორის.
გამოცემისთვის წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე კირ სტარმერი დაასაბუთებს, რომ აშშ-ის ინტერესებშია, ჩართული დარჩეს ევროპაში რუსეთის მესამედ შეჭრის თავიდან აცილების ძალისხმევაში.
ასევე, ინგლისურ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქებში განლაგდება, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მათ შორის, ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ახლანდელი ფრონტის ხაზისგან შორს მდებარეობს.
მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს“, მათ შორის დაზვერვას, მეთვალყურეობისა და სადაზვერვო თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა ცხადჰყოს „სრული სურათი იმისა, რაც ხდება“.
ოპერაცია გამყარებული იქნება სათანადო რაოდენობის ცეცხლსასროლი ძალით, რათა „აკონტროლოს და გაანეიტრალოს თავდასხმები“, რათა ხელახლა გაიხსნას უკრაინის საჰაერო სივრცე და შედგეს კომერციული ფრენები.
„ტელეგრაფის“ ცნობით, სამხედრო-საზღვაო პატრულის ხომალდები ასევე გაიგზავნება შავ ზღვაში, რათა განახორციელოს რუსული საფრთხეების მონიტორინგი კომერციულ საზღვაო მარშრუტებზე.
დასავლელი ოფიციალური პირების მიერ წარმოდგენილი გეგმა მნიშვნელოვნად ჩამორჩება 200 000-კაციან სამშვიდობო მისიას, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ მოითხოვს.