40-დან 50-მდე მაჟორიტარი არის ოპტიმალური რაოდენობა – თალაკვაძე

ვასკა მათითაიშვილი

გერმანიის საელჩოს შენობაში ამ წუთებში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით მედიასთან  გააკეთა კომენტარი. თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის თანახმა იყო 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე:

„ქართულ ოცნებას“ არც ერთ არჩევნებში არ მიუღია 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა. საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვქონდა 40%-ზე მეტი. რა თქმა უნდა, ამ საპარლამენტო არჩევნებშიც ვგეგმავთ, რომ მივიღოთ 40%-ზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს არის მთავარი და პრინციპული მოთხოვნა ამ არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად, რომ 40%-ზე მეტი მხარდაჭერით დააკომპლექტოს გამარჯვებულმა  პარტიამ ხელისუფლება და მთავრობა და მიიღოს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისედაც ასე ვფიქრობდით  და მზად ვართ, რომ ეს შეთანხმების მთავარ პუნქტად ვაქციოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა პროპორციის მოდელზეა საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ 100/50 არის ყველაზე ლოგიკური განაწილება, ვინაიდან მაჟორიტარების პროპორციის მეტად შემცირების შემთხვევაში ხდება იმ ტიპის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რომელთა წარმომადგენლობაც მაჟორიტარებს ძალიან გაუჭირდებათ.

„რაც შეეხება პროპორციებს, მიგვაჩნია, რომ 100/50-ზე არის ლოგიკური განაწილება, ვინაიდან შეფარდება არის 1/3-2/3-თან. ასევე 40-დან 50 მაჟორიტარამდე არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია, გეოგრაფიულად და ადმინისტრაციულად საარჩევნო ოლქებზე გადანაწილდეს. უფრო ნაკლები რაოდენობა იწვევს, სამწუხაროდ, ისეთი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელოვნურ შეერთებას, რომლის წარმომადგენლობაც არჩეულ მაჟორიტარს ძალიან გაუჭირდება და ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციამ პირველად 9 თებერვალს წამოაყენა ინიციატივა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლებელს გახდიდა რომელიმე პარტიის მხრიდან მთავრობის დაკომპლექტებას.

„თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 მაჟორიტარი“, – განაცხადა მაშინ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.