„43% რა, ბაზარში ვართ? ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ ორ კილოს?!“ | სააკაშვილი მიშელის დოკუმენტზე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი შეაფასა.

მისი თქმით, ეშმაკი არის დეტალებში და მისთვის გაუგებარია, რატომ წერია დოკუმენტში 43% და არა 50%. ის ასევე ამბობს, რომ აქვს კითხვები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით.

„გაუგებარია, რატომ 43% და რატომ არა 50%. თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43%, რა, ბაზარში ვართ? ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ ორ კილოს? თუ რა?  ეს ერთი თემაა, რომელიც ჩემთვის კითხვა.

ვთქვათ, 43%, მაგრამ ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს. ისევ ანა ჟვანიამ? როგორც წერია ამ დოკუმენტში რვა პროფესიულ წევრს ნიშნავს ისევ ცესკო, რვავე წევრი იქნება „ქართული ოცნების“ წევრი.

მე გთავაზობთ იმ ვარიანტს და რატომ არ უნდა იყოს ისე, როგორც ევროპამ და ამერიკამ გააკეთეს, განსაკუთრებით ევროპამ უკრაინაში, კოსოვოში, ალბანეთში … არჩევს საარჩევნო კომისიის წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს პარიტეტული კომისია, სადაც შედის 3 წარმომადგენელი დასავლეთის მხრიდან დანიშნული, 3 წარმომადგენელი დანიშნული მთავობის მიერ და 3 წარმომადგენელი – ოპოზიციური პარტიების მიერ. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ცესკოში ჩვენ ვირჩევთ ხალხს, ვინც ობიექტურად ითვლის ხმებს,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გუშინ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. მათ შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავებული ბოლო დოკუმენტი გააცნეს პოლიტიკოსებს. შეხვედრას არ დაესწრო „ქართული ოცნება“. შეხვედრის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან, განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ტექსტი პარტიების შიგნით უნდა განიხილონ და მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.