ფოტო | მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს უკრაინის დროშაზე, რომელსაც ოპოზიცია რადაში წაიღებს

პუბლიკა

დღეს პარლამენტის წინ, პარტია „დროას“ ინიციატივით, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად მოქალაქეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშებზე მოაწერეს ხელი.

როგორც „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ხელმოწერილ დროშებს უკრაინაში, კიევში ჩაიტანენ და რადაში მიიტანენ.

„შეუძლებელია, არ მქონოდა წარმოუდგენელი, ისტორიული შეცდომისა თუ გაუგებრობის განცდა, როდესაც უკრაინის რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა. როცა მთავრობა ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს აი, ამ საერთო, კეთილ მხარეს, ჩვენ, მოქალაქეებს, შეგვიძლია, ავიღოთ ინიციატივა. ოპოზიცია დიდი შემადგენლობით მიდის („ლელოც“, „ნაცმოძრაობაც“) კიევში. ჩვენ გვექნება შეხვედრები რადაში, სადაც მივიტანთ ამ ხელმოწერილ დროშას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის გარდა, მხარდამჭერ აქტს საქართველოს 5 ქალაქში შეუერთდნენ. რადაში დროშებს ზუგდიდიდან, ფოთიდან, თელავიდან, სამტრედიიდან და ბათუმიდან წაიღებენ.

გუშინ, უკრაინის რადაში დეპუტატებმა სხვადასხვა ქვეყნის დროშები გაშალეს. მათთან ერთად არ გაშლილა საქართველოს დროშა, რასაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით განმარტება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ რადაში მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები გამოიფინა, რომლებმაც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს.