6 მსხვილ ქალაქში სასწავლო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო – გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი ბათუმის მსგავსად ქვეყნის 6 მსხილ ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო, – გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან ინფექციონისტებსა და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობასთან ერთად ბრიფინგი გამართა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე, ოღონდ მსხვილ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში. ამ ქალაქებში ნებისმიერი სასწავლო პროცესი (როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სკოლებში) დაიწყება 1 ოქტომბრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, 1 ოქტომბრიდან კი პროცესი საკლასო სივრცეში გაგრძელდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მთავრობა სრულად მართავს სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გახარიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა მართავს კორონავირუსის გავრცელებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაძლიერდეს კონტროლი რეკომენდაციების აღსრულებაზე.

პრემიერის განცხადებით, 10 000-მდე გაიზრდება უახლოეს პერიოდში PCR-ტესტირებები, დღეს კი ეს რიცხვი, საშუალოდ, 8 000-ია. 3 000 საწოლი ლოგინი იქნება უახლოეს პერიოდში სრულ მზადყოფნაში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფი დაბრუნება ჩვეულ გარემოში.

პრემიერი ამბობს, რომ მოქალაქეების პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანი და დიდია, ვიდრე ჯარიმა.

პირბადის ტარების აუცილებლობა დახურულ სივრცეში, პირბადის ტარების რეკომენდაცია ღია სივრცეში. 200 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა ღია სივრცეში – გახარიას თქმით, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.

პრემიერმა თქვა, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა როგორც პირადი ჯანმრთელობის მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ აღვადგინოთ ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერმა.