ეროვნული თანხმობის პროცესის საჯარო განხილვა ქალების მონაწილეობით - რას ამბობენ შეხვედრის მონაწილეები

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები იყვნენ მიწვეულნი.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ადმინისტრაციამ ღონისძიების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა მისი დასრულების შემდეგ გაავრცელა.

შეხვედრა, დაახლოებით, სამი საათისთვის დაიწყო.

ორბელიანების სასახლე ნინო ბურჯანაძემ და პარტია „დროას“ წარმომადგენელმა შეხვედრის დასრულებამდე დატოვეს.

ნინო ბურჯანაძემ მედიას განუცხადა, რომ ამ ფორმატში მისი ადგილი არ არის.

„რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე. მე მქონდა მოლოდინი, რომ ქალბატონი სალომე ჩაგვაყენებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციებსი თაობაზე და თავის მოსაზრებას გაგვაცნობდა, რა გზას ხედავს კრიზისიდან გამოსვლის. წარსულის შეფასება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არის დღეს აქტუალუარი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„დროას“ წევრის, ნინო დოლიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი არ იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შერჩევითი სამართალი, ადამიანების უფლებების დარღვევა, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს პოზიცია ევროპაში მიმდინარე პოზიციასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, პრეზიდეტმა ისაუბრა უახლეს წარსულზე.

„ის ფორმატი, რაც დღეს ვნახე, კარგი ფორმატი იქნება განვითარებული ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც კრიზისში არ იმყოფება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით მწვავე საკითხი დგას და მოლოდინი მქონდა, რომ ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტებზე იქნებოდა საუბარი, იმ თემებზე, რაც ჩამოვთვალე“, – თქვა დოლიძემ.

მისი პოზიციით, არ არის სწორი ქალი და კაცი პოლიტიკოსების დანაწილება, რადგან „ეს ისეთი პროცესია, სადაც ქალები, კაცები, პრეზიდენტი და ხელისუფლება კი არა, თითოეული მოქლაქე განგაშის ზარს უნდა სცემდეს“.

შეხვედრიდან უკვე გამოვიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომლის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ ამ ფორმატის მიზანი მიმდინარე კრიზისზე, მათ შორის, სასამართლოს, სიღარიბის, განათლების და ა.შ. პრობლემებზე გავლენის მოხდენა უნდა იყოს. გიგაურის თქმით, ახლა ელოდებიან, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თავის გამოსვლაში პრეზიდენტს ჰქონდა სწორი აქცენტები, არსებული პრობლემების სწორი აღქმა, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„თუ სწორად მახსოვს, ვციტირებ, რეზოლუციაზე შეუთანხმობლობას მან უწოდა სირცხვილი და ვიზიარებ ამას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ პრეზიდენტის შეფასებაზე იმავეს ამბობს „ლელოს“ წევრი მედეა მეტრეველი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პროცესს უწოდა „პარლამენტარიზმის ისტორიაში სამარცხვინო პროცესი“.

„თუ ეს დისკუსიები სამომავლოდ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების საკითხს, სადაც მე ვხედავ ჩემს როლსა და მანდატს, მათ შორის, ეს იქნება ეთნიკური უმცირესობების თემები, მართლმსაჯულების საკითხები, მედია თავისუფლების საკითხები, რა თქმა უნდა, დავრჩები და შევიტან ჩემს წვლილს, თუ ეს იქნება ისეთი თემები, სადაც სახალხო დამცველს არ აქვს კომპეტენცია და მანდატი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვერ დავინახავ“,- ამის შესახებ კი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 01 /