პრეზიდენტის სიტყვა ეროვნული თანხმობის პროცესის განხილვაზე, რომელშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას ავრცელებს.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს პროცესში მონაწილეობისთვის და უპასუხა შეკითხვებს – რატომ წამოიწყო ეს პროცესი ახლა, რა არის ამ პროცესის ამოცანა და რატომ ხვდება ქალებს.

„პუბლიკა“ პრეზიდენტის გამოსვლას გთავაზობთ:

  • ყველას ყველასთან დაჯდომა და ერთმანეთის მოსმენა შეუძლია

მადლობელი ვარ, იმისთვის რომ მოხვედით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანები. ეს არის ის ნიშანი, რომ ყველას ყველასთან შეუძლია დაჯდომა, ყველას ყველას მოსმენა შეუძლია და თუ ეს ვერ შევძელით და ვერ გავიტანეთ გარეთ საზოგადოებაში, ჩვენ არც საზოგადოება ვიქნებით და არც ქვეყანა არ გვექნება!

 რატომ ახლა ეს პროცესი?

  • პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია
  • საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ.

30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ.

 რა არის ეს პროცესი?

  • საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს
  • საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს

ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს, მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი.

  • საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია
  • საზოგადოებამთუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა.ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ

საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებამ  თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა.  ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ.

  • მე გთავაზობთ ახალ სივრცეს
  • აქ არ არის არანაირი მონოპოლია
  • თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში

მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია.

  • იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც  პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს
  • ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება

მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც  პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ.

  • არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია

იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც  პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია.

  •  ამ პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია
  • დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში დიასპორის როლი, რადგან მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ჩვენი ქვეყნის გარეთაა. როცა იქიდან უყურებ ამ ქვეყნის მდგომარეობას, ალბათ, სხვანაირად გესახება და ამიტომ აუცილებელია, ისინიც ჩავრთოთ, რათა იგრძნონ, რომ ამ ქვეყნის დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა. არ შეიძლება მათთან ეს ურთიერთობა გაწყდეს და ამაშიც თქვენი დიდი დახმარებაა საჭირო.

  • ეს უნდა იყოს ცოცხალი, ინკლუზიური და თავისუფალი პროცესი
  • აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა

ეს უნდა იყოს ცოცხალი და ინკლუზიური პროცესი, საიდანაც არავინ არაა გარიყული. ეს უნდა იყოს თავისუფალი პროცესი, სადაც ყველამ სიძულვილის, ლანძღვისა და დაპირისპირების გარეშე უნდა შეძლოს ნებისმიერი თემის წამოწევა. აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა.

  •  ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის უშუალოდ პოლიტიკური თემა, თუმცა ამას არ შეიძლება არ ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გაგრძელება.

რა არის ამ პროცესის ამოცანა

  •  უნდა ჩავიხედოთ  წარსულში, ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ  შეთანხმების კუნძლები
  • როგორც საზოგადოება რაზე ვამბობთ უარს და  ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.

ჩვენ ჩვენს ოცდაათწლიან გამოცდილებაში უნდა ვეძებოთ რა მოგვივიდა, რა არის ის რაზეც დღეს  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. რა არის ის, რაც მოხდა – რაც დემოკრატიის მანკიერი ფორმა, ან პირიქით, ტოტალიტარიზმის სისტემური მემკვიდრეობაა.

რა არის ის, რაზეც გვინდა, რომ უარი ვთქვათ. როგორც საზოგადოება, რაზე ვამბობთ და ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს. უნდა ჩავიხედოთ  წარსულში და ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ  შეთანხმების კუნძულები.

  •  საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ
  • ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა

საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. შეგვიძლია დავინახოთ და შევთანხმდეთ, რა არის წარსულიდან ის მანკიერი ფორმები, რომელიც შესაძლოა ოცდაათი წლის წინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება დღესაც გრძელდება. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა.

რატომ ქალები?

  •  საქართვლოს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ
  • ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა
  • ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე
  • ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება

ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი.მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება.

ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია!

ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს!

დაბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება.

  პრეზიდენტის როლი და პროცესის შედეგები

  • როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება
  • საზოგადოების მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა
  • ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად

მე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე – რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა.

ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.