ვსაუბრობთ მე-20 საუკუნის საკულტო ალბომებზე, სხვადასხვა პერიოდიდან და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრიდან, ალბომებზე, რომელთაც არ აქვთ რაიმე საერთო, გარდა მათი საკულტო სტატუსისა.
ზოგიერთმა მათგანმა მალევე მოიპოვა აქტუალობა და საკულტო სტატუსი მუსიკალურ კრიტიკოსებსა და მსმენელებში, ზოგიერთმა კი ეს წლების შემდეგ შეძლო, რიგი ფაქტორების გამო. ზოგიერთი ალბომი შეიძლება მკითხველთა ნაწილისთვის ნაკლებად ცნობილი იყოს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სტატიის წაკითხვა მათი უფრო ახლოს გაცნობის სურვილს გაგიჩენთ.
- Jane’s Addiction – Ritual de lo Habitual (1990)
ხშირად წარმომედგინა ისეთი სცენა, როდესაც რიგითი ამერიკელი თინეიჯერი ბიჭი, რომელიც თავისუფალ დროს მარიხუანის მოწევით, პორნო ჟურნალების თვალიერებითა და მეგობრებთან ბეისბოლის თამაშით ერთობა, როგორ ყიდულობს მშობლებისგან მალულად Jane’s Addiction-ის სადებიუტო ალბომს მუსიკალურ მაღაზიაში, გამომწვევი გარეკანის გამო, როგორ გამოიკეტება საკუთარ ოთახში და როგორ აღმოჩნდება მისთვის სრულიად უცხო სამყაროში, ალბომის პირველი მხარის, პირველი სიმღერის – Up the Beach პირველივე ნოტებზე. ყოველ მსგავს წარმოდგენაზე თითქოს შავი შურით მშურს ამ ლაწირაკი ამერიკელის, მშურს მისი გაოცებული თვალებისა და იმისი, თუ მოღიმარი როგორ აუწევდა ვინილის დამკვრელის ხმას სასიამოვნოდ გაკვირვებული და გაოცებული. თუმცა დღეს არა Jane’s Addiction-ის სადებიუტო, არამედ მეორე სტუდიურ ალბომზე ვისაუბრებთ, რომლის ჩაწერის შემდეგაც ცოტა ხანში ჯგუფი დაიშალა კიდეც.
რთულია ისაუბრო Jane’s Addiction-ზე და გვერდი აუარო მის სოლისტსა და მთავარ კომპოზიტორს, პერი ფერელს. სწორედ პერი ფერელის სახელს უკავშირდება ალტერნატიული როკფესტივალის – Lollapalooza-ის ჩამოყალიბება. ფესტივალზე პირველი კონცერტიც Jane’s Addiction-ის გამოსამშვიდობებლად გაიმართა.
რაც შეეხება ალბომს – Ritual de lo Habitual, პირველი სტუდიური ალბომის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც პირველი, რაც თვალში გხვდება, არის ალბომის არასტანდარტული და კონტროვერსიული გარეკანი – Threesome მოკიაფე სანთლების ფონზე, რომელიც პირველი შეხედვისთანავე სიკვდილის ასოციაციას ბადებს. ალბომის მთავარი თემატიკაც სექსი, ნარკოტიკები და სიკვდილია. შემოქმედებით უნართან ერთად გულწრფელი ადამიანური ემოცია, გამოწვეული საყვარელი ადამიანის დაკარგვით, არის სწორედ ის მუხტი, რაც საფუძველს უყრის შედევრების შექმნას.
პერისთვის მთავარი შთაგონების წყარო 19 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებისგან გარდაცვლილი მეგობარი გოგო ზაიოლა ბლუა, რომელსაც ეძღვნება კიდეც ალბომის დასკვნითი ოთხი სიმღერა. ალბომში ყველაზე მეტად გამოსარჩევი ორი სიმღერაა – „Then She Did“ და „Three Days“. პირველ მათგანს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა ჯგუფის ორი წევრისთვის – პერი ფერელისთვის, რომლის დედამაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, როდესაც ის სამი წლის იყო. გიტარისტ დეივ ნავაროს დედა კი მოკლეს, როდესაც ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. სიმღერაში პერი მიმართავს გარდაცვლილ შეყვარებულს, რომ მოინახულოს დედამისი:
Will you say hello to my ma?
Will you pay a visit to her?
She was an artist just as you were.
ალბომის მთავარი მშვენება კი პირველივე დუბლზე ჩაწერილი ლამის 11-წუთიანი „Three days“-ა, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სიმღერაა როკმუსიკის ისტორიაში. სიმღერის მთავარი თემატიკა ნარკოტიკებით გაბრუებული სამდღიანი ორგიაა პერისა და მის ორ მეგობარ გოგონას შორის, რაც გამოსახულია კიდეც ალბომის გარეკანზე. სამდღიანი ორგია ძილის გარეშე, ერთმანეთში არეული დილის მზის სხივები და საღამოს მზის ჩრდილები:
Shadows of the morning light
The shadows of the evening sun
Till the shadows and the light were one…
2. Ween – Chocolate and Cheese (1994)
აარონ ფრიმანი და მიკი მალჩიანდო (რომელთა სახელებიც, მათი განსხვავებული სასცენო სახელებიდან გამომდინარე, მკითხველისთვის დიდი ალბათობით უცნობია) ერთმანეთს კოლეჯში შეხვდნენ, სადაც 1984 წელს ჩამოაყალიბეს კიდეც ჯგუფი – Ween. ჯგუფის სიმბოლო არის ერთგვარი ღმერთი/დემონი ბუუგნიში (Boognish), რომელიც არის კიდეც გამოსახული ჯგუფის ლოგოზე და აფორმებს მათი პირველი სტუდიური ალბომის გარეკანს. თავად ჯგუფი კი თავის სიმღერებსა და Live-პერფორმანსებს აფასებს, როგორც ყავისფერს („brown“).
ჯგუფის თავდაპირველ სტუდიურ ჩანაწერებს უმეტეს შემთხვევაში Lo-fi ჟღერადობა ჰქონდა. მათ სახლის პირობებში წერდნენ, ოთხტრეკიან კასეტის ჩამწერებში. 1992 წელს კი ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Elektra Records-თან, რომლის დახმარებითაც მათ უკვე შეეძლოთ პროფესიონალურ აპარატურაზე ალბომების ჩაწერა. 1994 წელს კი Elektra Records-ის დახმარებით გამოსცეს, ალბათ, თავისი საუკეთესო სტუდიური ჩანაწერი, რომელმაც მალევე შეძლო საკულტო სტატუსის მოპოვება.
თავდაპირველად ჯგუფის იდეა იყო ალბომის ქავერზე ჰომოსექსუალი მეზღვაურის აღბეჭდვა, რომელიც ხმის ჩამწერი სტუდიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ ჯგუფმა გადაწყვიტა, ალბომის გარეკანზე ნახევრად შიშველი მოდელის განთავსება, რომელსაც კრივის ქამარზე აღბეჭდილი აქვს ჯგუფის დასახელება და ლოგო. ჯგუფი აღნიშნულ ალბომშიც არ ღალატობს სიყვარულს კომედიური ჟანრის მიმათ, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის კიდევ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღიქმება ჯგუფი დღემდე ბევრი მუსიკალური კრიტიკოსისთვის არასერიოზულ პროექტად, თუმცა რიგი მსმენელისათვის (მათ შორის, ჩვენთვისაც) ჯგუფის კომიკურობა, სენტიმენტალურობა, სარკაზმი და პერვერსიულობა არის ის, რაც მას გამორჩეულ ადგილს აკუთვნებს ჩარჩოებში მოქცეულ კომერციულ მუსიკალურ სამყაროში.
ალბომის გამორჩეული ტრეკი კი ალბათ არის Buenas Tardes Amigo, რომელიც Ween-სთვის დამახასიათებელი მუსიკალური მრავალფეროვნებისდა მიუხედავად, მაინც მათთვის უჩვეულო ჟღერადობით ხასიათდება. სიმღერა პირველ პირში მოგვითხრობს სოფლელი ბიჭის განცდებს 60-იანი წლების Spaghetti Western-ის ფილმიდან, რომელიც აპირებს ძმის მკვლელზე იძიოს შური და დედის გული მოიგოს. სიმღერის მიმდინარეობისას კი ყველაფერი თავდაყირა შეიძლება დადგეს.
3. Captain Beefheart and his Magic Band – Trout Mask Replica (1969)
ჩვენს სიაში ეს ალბათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაზე რთულად მოსასმენი ალბომია, რომლის მოსმენის პროცესში დიდი ალბათობით გაგიჩნდებათ კითხვა მის საკულტო სტატუსთან დაკავშირებით. ალბომში არც ერთი სიმღერა არ მიჰყვება სიმღერის აგებულების სტანდარტულ სტრუქტურას – არ არის მასში გიტარის სოლოები, არც მისამღერები და ბუნებრივია, რომ ალბომში არ გვხვდება არც სინგლები. კონტრასტულია ასევე მუსიკალური კრიტიკოსებისა და მსმენელის შეფასებები, რომელთა ნაწილისათვის იგი შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, ზოგისთვის კი უსიამოვნო, არასტრუქტურირებული ხმაური.
ცნობილი სატელევიზიო სიტკომის, „სიმპსონების“ შემქმნელი მეტ გრონინგი ალბომზე წერს: „ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც კი აქამდე მომესმინა. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ისინი (მუსიკოსები) არც კი ცდილობენ. ეს მხოლოდ უკონტროლო კაკაფონიაა და მეტი არაფერი. შემდეგ კი რამდენჯერმზე მოვისმინე, რადგან არ მჯეროდა, რომ ფრენკ ზაპას (რომელიც ალბომის პროდიუსერი და ჯგუფის სოლისტის, დონ ვან ვლიტის კლასელიც იყო საშუალო სკოლაში) შეეძლო ასეთი რამის გაკეთება ჩემთვის. დაახლოებით მესამე მოსმენისას გავაანალიზე, რომ მუსიკოსები ამას განზრახ აკეთებდნენ, მათ უნდოდათ, რომ სწორედ ეს ჟღერადობა ჰქონოდა მათ სიმღერებს. მეექვსე და მეშვიდე მოსმენისას კი უკვე ვფიქრობდი, რომ ეს ალბომი ყველაზე დიდი ალბომი იყო, რაც კი ოდესმე მსმენოდა“. ალბომი არის ერთგვარი ხისტი, დაუმუშავებელი მარგალიტების არასტრუქტურული ერთობლიობა, რომლის მოსმენისას ყოველგვარი მცდელობა, დაიჭირო რაიმე ლოგიკური ჟღერადობა, წარუმატებლობისათვის იქნება განწირული. ასევე, შეგვიძლია, დავძინოთ, რომ ალბომი ცნობილი ამერიკელი საკულტო კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის საყვარელი ალბომიცაა.
4. The Who – Who’s Next (1971)
60-იანი წლების მიწურულს „The Who“ კარიერის პიკში იმყოფებოდა, ხოლო ჯგუფის მთავარი მამოძრავებელი ძალა, პიტ ტაუნშენდი კი – შემოქმედებითობის ზენიტში. ჯგუფს ახალი გამოცემული ჰქონდა ერთ-ერთი პირველი სრულყოფილი როკოპერა – Tommy, რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს ჯგუფი Woodstock-ის ცნობილ ფესტივალზეც გამოვიდა წარმატებულად, რასაც მომდევნო წელს ლიდსის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო LIVE-ალბომის ჩაწერა მოჰყვა. ამ ყველაფრის ფონზე, 1971 წელს ტაუნშენდმა გადაწყვიტა ამბიციური პროექტის შექმნა და კიდევ ერთი როკოპერის დაწერა, სახელწოდებით – Lifehouse, რომელიც მუსიკის კრიტიკოსებისგან ფასდება, როგორც უდიდესი არშემდგარი ალბომი.
პიტის ინსპირაცია წინამორბედი როკოპერა Tommy-ის ტურები იყო, რომლის კონცერტების ვიბრაციები ტაუნშენდისთვის იმდენად სპირიტუალური იყო, რომ მას ჰქონდა განცდა, რაღაც მომენტში მთელი სამყარო გაჩერდებოდა, სჯეროდა, რომ მსმენელთა სულები დატოვებდნენ სხეულს და გადავიდოდნენ ექსტაზის პერმანენტულ ფაზაში. ტაუნშენდი Lifehouse-ით ცდილობდა, შეექმნა ისეთი მუსიკა, რომელიც იქნებოდა მსმენელის პიროვნების ანარეკლი. საბოლოო ჯამში, მისი ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა:
როკოპერაში – Lifehouse მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც გარემოს კატაკლიზმებმა გაანადგურა სამყარო, დაბინძურებული გარემოსგან თავის დასაცავად კი ადამიანები სპეციალურ კომბინეზონებს იყენებენ. კომბინეზონები გარდა იმისა, რომ იცავენ ადამიანებს, უკავშირდებიან ერთ საერთო ქსელს, რომელსაც მთავარი ანტაგონისტი ჯუმბო მართავს. ქსელი უზრუნველყოფს ადამიანებს საჭმლით, კომუნიკაციითა და გართობით, რათა მათ არ ჰქონდეთ სახლის დატოვების სურვილი. თავისი არსით აღნიშნული ქსელი, გარკვეულწილად, ინტერნეტსაც ემსგავსება. მთავარი პროტაგონისტი ბობია, რომელიც Lifehouse-ში მუსიკალურ ექსპერიმენტებს ატარებს და პერსონალურ მონაცემებს აგროვებს აუდიტორიიდან. იგი მონაცემების შეგროვებას მათი ბიოგრაფიიდან და ასტროლოგიიდანაც კი ცდილობს, რათა შექმნას ისეთი მუსიკა, რომელიც იდეალურად გამოხატავს მსმენელთა პიროვნებას. ყველა ეს მონაცემი პარალელურად გადაეცემა კომპიუტერს, რომელიც გარდასახავს მას მუსიკალურ ნოტში.
ბობის მიზანია, იპოვოს ის ერთი უნივერსალური მუსიკალური ნოტი, რომელიც ჰარმონიას დაამყარებს მთელ სამყაროში. მცდელობისას ბობი ჯუმბოს ყურადღებას იპყრობს, რომელიც მის გათიშვას განიზრახავს. დასკვნით სცენაში, ბობი თავის მსმენელთან ერთად უპირისპირდება ანტაგონისტებს Lifehouse-ის თეატრში, სადაც იმ მუსიკას უკრავს, რომელიც შექმნა თითოეული მსმენელისთვის და რომლის მაგიური ძალაც განდევნის ბოროტ ძალებს თეატრიდან. პერფორმანსის დასასრულს კი ანტაგონისტები ბრუნდებიან თეატრში და აღმოაჩენენ, რომ ყველა მათგანი, ვინც პერფორმანსში მონაწილეობდა, გამქრალია, თითქოს მუსიკამ მათი ტელეპორტირება მოახდინა.
ტაუნშენდს უჭირდა თავისი იდეების გამოხატვა და ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის მისი სათანადოდ გაზიარება, რაც მის გაღიზიანებას და ნერვულ შეტევებს იწვევდა. ასევე რთული იყო ტაუნშენდის ექსპერიმენტებში აუდიტორიის ჩართვა, რადგანაც მათ, უბრალოდ, მათი ძველი ჰიტების მოსმენა სურდათ და არა ტაუნშენდის მათთვის გაურკვეველ პროექტში მონაწილეობა. საბოლოო ჯამში, ალბომი არ შედგა მისი უტოპიური, ფილოსოფიური და არარეალური კონცეფციის გამო, პროექტისთვის დაწერილმა სიმღერებმა კი საბოლოო ჯამში დღის სინათლე რამდენიმე შემდეგ ალბომში იხილეს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული კი Who’s Next გახლდათ.
ალბომის გამხსნელი სიმღერა – Baba O’Riley მოგვითხრობს ორ შოტლანდიელ ფერმერზე, რომლებიც შოტლანდიის სოფლიდან მიემართებიან პოსტაპოკალიფსურ Woodstock-ზე ლონდონში, Lifehouse-ის თეატრში ბობის მიერ პირატული რადიოსადგურებით დაანონსებულ კონცერტზე, ხოლო Behind Blue Eyes მოგვითხრობს სწორედ მთავარ ანტაგონისტ ჯამბოზე, რომელიც მართავს იმ საერთო ქსელს, რაშიც ერთიანდება ყველა კომბინეზონი და რომლის მეშვეობითაც კონტროლდება ხალხი. ალბომი სრულდება ალბათ როკმუსიკის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული კივილის მქონე Won’t Get Fooled Again-ით, რომელიც ასახავს ოპერის დასკვნით სცენას – ანტაგონისტები ალყაში აქცევენ Lifehouse თეატრს, სადაც თითოეული მსმენელის სიმღერის კომბინაციისგან შექმნილი ერთი უნივერსალური ნოტი მსმენელებს მუსიკალურ ნირვანაში გადაიყვანს.
There once was a note, pure and easy,
Playing so free, like a breath, rippling by..
5. Talk Talk – Spirit of Eden (1988)
Talk Talk-ის სადებიუტო Synth-pop ალბომი – The Party’s Over ნაკლებად მოასწავებდა იმ მუსიკალურ მიმართულებას, რასაც მოგვიანებით აირჩევდა ჯგუფი მათი ლიდერის, მარკ ჰოლისის თაოსნობით. ჯგუფის მომდევნო ალბომები It’s My Life და The Colour of Spring კომერციულად წარმატებული გამოდგა. კმაყოფილები არიან ხმის ჩამწერი სტუდიებიც, ჩარტებში წარმატებული სინგლების გამო (განსაკუთრებით გამოსარჩევია სინგლები It’s My Life და Such a Shame), თუმცა ვითარება რადიკალურად იცვლება ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომის – Spirit of Eden-ის გამოცემის შემდეგ, რომელმაც ერთგვარი დასაბამი მისცა პოსტროკის, როგორც მუსიკალური ჟანრის დაბადებას.
ალბომის ჩაწერას წინ უძღოდა სტუდიაში 8 თვის განმავლობაში დღეში 12-საათიანი იმპროვიზებული პერფორმანსები, რომლებშიც უხვად იყო ჯაზის, ამბიენტის, პროგის, კლასიკური მუსიკისა და ბლუზის ელემენტები. ინსტრუმენტების ჟღერადობაზე კონცენტრირებისთვის სტუდიაში მუშაობა ხშირ შემთხვევაში სიბნელეშიც კი მიმდინარეობდა. მუსიკოსები ცალკეულ ინსტრუმენტებზე ასრულებდნენ არა სრულ პარტიებს, არამედ ცალკეულ ფრაგმენტულ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე შემდგომ მუშავდებოდა ციფრული ჩამწერი აპარატის მიერ. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ინტენსიური სესიების შედეგად 800-მდე ასეთი ფრაგმენტი შეიქმნა, რომელთა დამუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდა. საბოლოო ჯამში, როდესაც ჯგუფმა წარუდგინა ნამუშევარი ხმის ჩამწერ სტუდია EMI-ს, საპასუხო რეაქცია მხოლოდ იმედგაცრუება და შოკი იყო. წარუმატებელი გამოდგა EMI-ის მცდელობა, გაეხადა სიმღერები უფრო კომერციული, რადგან ხმის ჩამწერ სტუდიაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ უნდა გაეყიდათ მსგავსი არაკომერციული ალბომი.
პრობლემური იყო ალბომში შესული სიმღერების კონცერტებზე დაკვრაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ჰოლისმაც არ იცოდა, თუ როგორ უნდა შეესრულებინა ჯგუფს ისინი ლაივში. შესაბამისად, ჯგუფს არც ალბომის მხარდამჭერი LIVE-ტურნეები გაუმართავს, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის კომერციულ წარუმატებლობას. საბოლოო ჯამში EMI-მ ალბომის გამოსვლიდან სამ თვეში საერთოდ ამოიღო ის თავისი კატალოგიდან და ჯგუფთან კონტრაქტი გაწყვიტა.
იგივე გამოხმაურება მოჰყვა ბენდის შემდეგ და ბოლო სტუდიურ ალბომს – Laughing Stock-ს, რომელიც მიჰყვა თავისი წინამორბედის ნაკვალევს ჟღერადობის მხრივ. ალბომის გამოსვლის შემდეგ მარკ ჰოლისმა 1998 წელს მხოლოდ ერთი სოლო სტუდიური ალბომი გამოსცა, რის შემდეგაც კომერციულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობის გაგრძელებას ოჯახზე ზრუნვა არჩია.
რაც შეეხება თავად ალბომს – Spirit of Eden-სა, იგი შედგება ექვსი მისტიკური კომპოზიციისგან, რომელთა შორის არც ერთი მათგანი არ ჯდება ტრადიციული მუსიკალური სინგლის სტანდარტებში. სტატიის წერის პროცესშიც ყველაზე რთული, იმის შეფასებაა, თუ რა ემოციებთან არის დაკავშირებული თითოეული კომპოზიცია, განსაკუთრებით კი ალბომის პირველი სამი სიმღერა – The Rainbow, Eden და The Desire, რომელთაგან თითოეული მათგანი ერთგვარი მედიტაციაა, მოულოდნელი კულმინაციებით. თითოეულ მათგანში გამოყენებულ ინსტრუმენტს თითქოს თავისი სათქმელი აქვს და იმ მოგზაურობაში გითრევთ, რომლის შესახებაც თავადაც არაფერი გსმენიათ. ალბომი იმ ემოციების კორიანტელს გიქმნის, რომლისთვის ზუსტი სახელის დარქმევა ძალიან რთულია, რაც არის კიდეც ჩემთვის მისი მთავარი ხიბლი. ალბომის განსაკუთრებული ჟღერადობის ერთ-ერთი მიზეზიც ის არის, რომ მასში მხოლოდ რეალური ინსტრუმენტებია გამოყენებული, ყოველგვარი კომპიუტერული ეფექტების გარეშე. რაც შეეხება სიმღერის ტექსტებს, მათ ალბომში მთავარი როლი არ ენიჭებათ, ხშირ შემთხვევაში რთულადაა გასარჩევი ჰოლისის მიერ წარმოთქმული სიტყვებიც კი.
ალბომის ერთ-ერთი ყველაზე აკურატული შეფასება, ალბათ, ეკუთვნის ცნობილ მუსიკალურ პლატფორმა Pitchfork-ს, რომლის თანახმადაც, ალბომი წარმოადგენს რელიგიური გრძნობების იმ ერთ დიდ შესუნთქვას, რის ნაკლებობასაც განიცდიდა როკ და პოპმუსიკა წლების განმავლობაში.