„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძროაბა“ პრინციპული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის. დეკანოიძის თქმით, პარტია ამ გადაყვწტილებების შესახებ საზოგადოებას მას შემდეგ აცნობებს, რაც დასრულდება აქტიური კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან.
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, რომ მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, თუმცა ასევე აუცილებელად ხაზი უნდა გავუსვა, რომ დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში აქტიურად, ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამ პრინციპული გადაყვეტილების შესახებ ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვინაიდან ამ მედიაციაში „ქართული ოცნების“ მიერ დადებულ პირობაში საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ზოგადად ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ, ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების „ანულირებით“ ოფიციალურად აღიარა, რომ ვერც პარტია და ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43%-იან ზღვარს. ამიტომ, მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და საქართველოს დემოკრატია, ნატოში გაწვრება არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.