კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა რისკ-ჯგუფების პირველ რიგში აცრას ითვალსიწინებს. ქვეყანა არა მხოლოდ ჩამორჩა გეგმით გათვალისიწინებულ ვადებს (გეგმის გადახედვის აუცილებლობაზე საუბარი უკვე დაიწყო), არამედ სრულიად აცდა იმ პრიორიტეტებს, რაც მასში თავიდან იდო.
ჩავხედოთ რიცხვებს.
ერთი მხრივ, ვიცით, რომ ეს ვირუსი ყველაზე მეტ სიცოცხლეს 70+ ასაკის ადამიანებში გვართმევს.
1-ლ გრაფიკზე ხედავთ, რომ 2021 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით, 80 წელზე მეტი ხნის 15,780 მოქალაქიდან, ვისაც კი კორინავირუსი შეხვდა 2,450 დაიღუპა. ამ ინფექციით სიკვდილიანობა ქვეყანაში საშუალოდ 1.43%-ია, მაგრამ ამ ჯგუფში იგი 15.53% შეადგენს.
70-და 80-წლამდე ასაკის ადამაინებში სიკვდილიანობა ასევე მაღალია – 7.06% ანუ ამ ასაკობრივი ჯგუფის 39,761 მოქალაქეს შეხვდა ვირუსი და მათგან 2,808 გარდაიცვალა.
წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მეორე გრაფიკზე ხედავთ, რომ სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფებში კატატსროფულად დაბალია აცრის მაჩვენებელი, აცრისა, რომელიც სწორედაც რომ სიკვდილისგან იცავს ადამიანს. ქვეყანაში 80 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების მხოლოდ 12%-ია აცრილი. 70-დან 80 წლამდე ასაკის მოქალაქეებში ეს მაჩვენებელი შედარებით უკეთესია – 29%, მაგრამ სრულიად არასკმარისი, რადგან ამ ასაკის 167,000 მოქალაქე ჯერ კიდევ დაუცველია მოსალოდნელი მე-5 ტალღის წინ.
წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საგულისხმოა, რომ, როგორც რუკაზე ჩანს, 24 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებული აცრების ნახევარი თბილისზე მოდის, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მესამედია.
არადა, მე-3 გრაფიკის წითლად მონიშნულ სვეტში ჩანს, რომ, აჭარასთან და ქვემო ქართლთან ერთად, თბილისი ყველაზე ახალგაზრდაა: მოსახლეობის მედიანური ასაკი 35 წელია (ყველაზე ხანდაზმული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონია).
წყარო: საქსტატი
ეს მონაცემები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ მომდევნო თვეებში, როდესაც ახალი ტალღა წამოვა, ვირუსი პროცენტულად გაცილებით მეტ მოხუცს წაგვართმევს რეგიონებში, ვიდრე თბილისში.
სამწუხაროდ, დღეს ვაქცინაციის (და არამარტო) პოლიტიკას განსაზღვრავს ის, რაც ხდება თბილისის ცენტრსა და ჩვენს ფეისბუქ-„ბაბლში“ (რომელიც ისევ თბილისის განწყობებს ასახავს მეტწილად) და არა ის, რა ხდება კლდეეთსა თუ ზინობიანში.
საჭიროა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლები ასაკობრივ ჯგუფებში რეგიონების მიხედვით გამოაქვეყნოს.
როგორი საზოგადოება ვართ, იმით გაიზომება როგორ შევძლებთ ყველაზე დაუცველების დაცვას.