თუკი აუცილებელი გახდება კლინიკაში გადაყვანა, სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება | ადვოკატი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით კონსილიუმის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაყვანაზე სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება.

„ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდებით კონსილიუმის გადაწყვეტილებას და შესაბამისად გამოჩნდება. თუკი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა ან, საერთოდ, საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ გადაწყვეტილებაზეც. ვგულისხმობ იმას, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულ ფორმაზე, როცა კერძო კლინიკაში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.“ – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა, შიმშილობს. გახდება თუ არა აუცილებელი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა – ამას გადაწყვეტს ექიმთა კონსილიუმი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს შევიდა. სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, კონსილიუმის წევრები სააკაშვილის ანალიზის შედეგებს ეცნობიან და ამის მიხედვით მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს გადაწყვეტენ.