„მედიკოსებთან შეხვედრაზე სააკაშვილთან დაკავშირებით მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად შესრულდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რეკომენდაციებია, რომელიც შეეხება მისი სამედიცინო მდგომარეობას. მე არ ვისაუბრებ საჯაროდ ამ რეკომენდაციებზე, მაგრამ ისინი იქნება შესრულებული და მათი დიდი ნაწილის შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან. არ ვისაუბრებ შეგნებულად, მაგრამ, რაც იქნება საჭირო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, ის იქნება შესრულებული“, – განაცხადა იუსტიცის მინისტრმა.
აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა. ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში, იქნება ისინი შესრულებული. ჩვენ ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ ექვემდებარება გასაჯაროებას, კანონმდებლობის სრული დაცვით ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმი შეიკრბა.
1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.