„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, ვიდრე ის განაცხადებს თანხმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი და გაეწიოს მას დროული დახმარება“, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. იქიდან გამომდინარე, რომ არის შიმშილობის მეცხრამეტე დღე, შეიძლება, გართულდეს მდგომარეობა. ამიტომ, ისინი პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა სააკაშვილის თანხმობა არ აქვს გაცემული და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, ვიდრე ის განაცხადებს თანხმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი და გაეწიოს მას დროული დახმარება, თუკი მდგომარეობა გართულდება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ლომჯარია მიიჩნევს, რომ ექიმების რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. სახალხო დამცველის თქმით, ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს გაუწევენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, ვიდრე ის არის საღ გონებაზე; ვიდრე მას შეუძლია, დააფიქსიროს საკუთარი ნება. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ ის საჭიროებს ჩარევას და გადაუდებელ დახმარებას, ამ შემთხვევაში, ექიმები ვალდებული არიან, რომ გაუწიონ მას სამედიცინო დახმარება. მაგრამ თუ პაციენტი გაცნობიერებულად უარს ამბობს დახმარებაზე, მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელი გართულებები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული“, – განახცადა მან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმი შეიკრბა.