„ეს არის პოპულისტური განცხადება”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას მოწოდებას დებატებზე.
„რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? – მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ლანძღვითა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე ძალიან დიდი ტყუილი”, – განაცხადა თქვა კახა კალაძემ პირველ არხთან.
მის ამ განცხადებას გამოეხმაურა ნიკა მელია და აღნიშნა, რომ კალაძისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. „ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!”,- წერს ის.
„რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას „ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით. არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30-ში”, – წერს მელია.