რუსეთი ქართული მხარისგან თბილისში მოკლული რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მოკლულის მამისთვის მისი ცხედრის გადაცემას ითხოვს. ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სექციის თანამშრომლებს ახლო კონტაქტი აქვთ მოკლულის მამასთან, რომელიც უკვე ჩამოფრინდა თბილსში. რუსეთის ინტერესთა სექციამ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შეტყობინება, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარდაჭერა მიიღონ.
„მათ შორისაა მოკლულის მამისთვის ცხედრის დაუყონებლივ გადაცემის საკითხი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობით, ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს დაღუპულის ნათესავთა ინტერესები, მათ შორის, მისი ვაჟის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა“, – ნათქვამია რუსეთის ინტერესთა სექციის განცხადებაში.
ანასტასია შატალოვა 17 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ მისი მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.