კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა, ექიმი კი გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა - რეგულირების სააგენტო

პუბლიკა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „გოგელიას კლინიკაში“ გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინის გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა, ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ. ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა.

„აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე. მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატი და ისე საქმიანობდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას“, – განაცხადა კაპანაძემ.

ზაალ კაპანაძის თქმით, ფაქტის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, პრეპარატი, რომლის ინექციაც დაახლოებით 35 ადამიანს გაუკეთეს, ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე „გოგელიას კლინიკაში“, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, მან კლინიკაში სეზონური გრიპის აცრაზე ჩაწერა დედა-შვილი და საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ორივეს გაუკეთდა C ვიტამინი.