ახალი სკოლის მოდელი - რა იცვლება სასკოლო ცხოვრებაში

სალომე გორგოძე

გასული სასწავლო სემესტრიდან ქვეყნის სამოცდახუთი საჯარო სკოლის I-IV კლასებში „ახალი სკოლის მოდელი“ დაინერგა. „ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მისი მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი – მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც  სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას – სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.

მოდელი იანვრიდან სამოცდახუთსავე სკოლის V-X კლასებშიც დაინერგება. მიმდინარე სემესტრში პროექტში კიდევ 100 საჯარო სკოლა ჩაერთო. დაგეგმილია, რომ პროექტმა 2024 წლამდე ქვეყნის ყველა საჯარო სკოლა მოიცვას.

 

რა ცვლილებები შეაქვს ახალი სკოლის მოდელს სასკოლო ცხოვრებაში?

„მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და სკოლამ შეძლოს მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც რეალურად იქნება მოსწავლის განვითარების გზა“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი და განმარტავს, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ სკოლას იაზრებს, როგორც ერთ მთლიან ორგანიზაციას, სადაც სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთი გუნდის წევრებად აღიქვამენ თავს და ერთობლივად მუშაობენ სკოლის განვითარებისათვის. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მნიშვნელობა ენიჭება კონტექსტს, რაც თითოეული სკოლის შემთხვევაში გამოწვევებისა თუ პრობლემების დასაძლევად სკოლის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრებას გულისხმობს.

„ამიტომაც არის, რომ ახალი სკოლის მოდელი, რომელიც ყველა სკოლაში ატარებს შეფასებას, თითოეულ სკოლას სთავაზობს თავის ძლიერი და სუსტი მხარეების პროფილს, რომლის მიხედვითაც მას თავისი სამოქმედო გეგმის შემუშავება შეუძლია. ჩვენ სკოლის პროფილებში არ ვიძლევით რაოდენობრივ მარკერებს, რომელთა საშუალებითაც ადარებენ სკოლებს ერთმანეთს და ახდენენ მათ რანჟირებას. კონკრეტულ კონტექსტს მოწყვეტილი ამგვარი რაოდენობრივი შეფასებები და შედარებები ხარისხის გაუჯობესების თვალსაზრისით არაფრისმომცემია“,- ამბობს თამარ ჯაყელი.

ახალი სკოლის მოდელის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. მხარდამჭერი ჯგუფის ჩართულობით სკოლა ქმნის სასკოლო სასწავლო გეგმას (კურიკულუმს) I-IV კლასების ყველა საგნისთვის. პედაგოგების ჩართულობით ამ გეგმის მომზადების პროცესს კურიკულუმის ექსპერტი წარმართავს.

გიორგი ჭაუჭიძე მიმდინარე სემესტრიდან მარნეულის მე-5 საჯაროს სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრია – კურიკულუმის განვითარების ექსპერტი.

გიორგი ჭაუჭიძე განმარტავს, რომ სასწავლო გეგმაზე მუშაობისას მასწავლებლის მიზანია, მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზროს ესა თუ ის ცნება, მოსწავლეს შეუქმნას არა ზოგადი წარმოდგენა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, არამედ დაეხმაროს შინაარსის სიღრმისეულ გააზრებაში. შესაბამისად, მასწავლებელს რეკომენდაცია ეძლევა, დაუთმოს ერთი ცნების დამუშავებას იმდენი დრო, რამდენსაც კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე თავად ჩათვლის საჭიროდ, არ არის ვალდებული, მიჰყვეს სახელმძღვანელოს ქვეთავებს და ყოველი ახალი გაკვეთილი ახალი მასალის ახსნას დაუთმოს.

მაგალითისთვის, ცნება „რევოლუციის“ შესწავლას პედაგოგი იმგვარად კი არ გეგმავს, რომ მისი მიზანი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი რევოლუციების შესახებ რაოდენობრივად ბევრი ინფორმაციის მიწოდება იყოს, მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზროს ცნება. ამისთვის კი შესაძლოა, საკმარისი იყოს რევოლუციის თუნდაც მხოლოდ ერთი მაგალითის განხილვა, მაგრამ სიღრმისეულად, სხვადასხვა რაკურსში, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, სხვადასხვა მიდგომით, მეთოდით და აქტივობით, რათა კლასის არცერთი მოსწავლე არ დარჩეს პროცესს მიღმა. ეს კი მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალებების მიცემით უნდა უზრუნველყოს.

პროცესის უკეთ აღწერის მიზნით, გიორგი ჭაუჭიძეს მესამე კლასის პროგრამიდან იგავის „მგელი და კრავის“ მაგალითი მოჰყავს,- მაგალითად, თუკი პედაგოგი დროის რაღაც მონაკვეთში იგავის შინაარსის განხილვაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილში კომპლექსური დავალებების მეშვეობით მოსწავლეებს სთხოვს, იგავში მესამე პერსონაჟი შემოიყვანოს და მის შესახებ იმსჯელონ. კიდევ ერთი დავალების მიზანი შესაძლოა ის იყოს, რომ მოსწავლეებმა შეადარონ იგავი აქამდე მათთვის უკვე ნაცნობ ტექსტებს. მასწავლებლის გადასაწყვეტია ამ დავალებას ბავშვები ჯგუფურად შეასრულებენ თუ ინდივიდუალურად, წერილობით, ზეპირად თუ ილუსტრაციას შექმნიან.

გიორგი ჭაუჭიძის აზრით, ახალი სკოლის მოდელის დანერგვისას მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუ რამდენად აქვს მასწავლებლების უმრავლესობას მოტივაცია, ინტელექტუალური თუ მატერიალური რესურსები საიმისოდ, რომ პროცესი „ფორმალურად შესასრულებელი დავალება არ გახდეს“:

„ამბობენ, ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე, თევზის ჭერა უნდა ასწავლოო. ეს არის მასწავლებლებისთვის და სკოლებისთვის „თევზის ჭერის“ სწავლება. მაგრამ არის მომენტი და არცთუ ისე იშვიათად, როცა სათევზაოდ წასვლას, უკვე „დაჭერილი თევზის ყიდვა“ ურჩევნიათ. ის, რომ „თევზის ჭერა“ ვისწავლე და შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო და ამ პროცესისგან სიამოვნებაც მივიღო, ეს არის ჩემი სიმდიდრე, მაგრამ, მინდება, ეს გავაკეთო მაშინ, როცა ამის სურვილი მექნება.

ეს არ არის მარტივი პროცესი, სისტემატური მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა რესურსი სჭირდება პედაგოგს – ინტელექტუალური, მატერიალური, ტექნოლოგიური – კომპიუტერული და ინტერნეტუზრუნველყოფა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა – რამდენად შეძლებს და მოახერხებს ყველა მასწავლებელი ამ პროცესში სიღრმისეულად, პროფესიონალურად და არა ფორმალურად მონაწილეობას, არსებული რესურსების გათვალისწინებით“.

როგორ აფასებენ ახალი სკოლის მოდელს დარგის სპეციალისტები

„რამდენად შეიძლება ამას ერქვას ახალი სკოლის მოდელი არ ვიცი,- არც მართვის სტრუქტურები იცვლება და დიდად არც კურიკულუმი იცვლება, მიზნები არ იცვლება, საგნების რაოდენობა არ იცვლება, მასწვალებლები არ იცვლება, იცვლება მეთოდები, მხოლოდ ის თუ რა პრინციპით უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა გაკვეთილები რათა მოსწავლეებში უფრო სიღრმისეული კომპეტენციები განავითაროს. დისკუსია ან ანგარიში იმაზე, რამდენად ან რატომ სჭირდებათ სკოლებს ეს მოდელი, არ ყოფილა“, – ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ სახელმწიფოსგან წამოსული ინიციატივების სკოლებს ნაკლებად სჯერათ, რადგან ხედავენ, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი იცვლება და ნამუშევარი წყალში ეყრებათ.

„საერთოდ რატომ უნდა დაინტერესდნენ სკოლები ამ პროგრამით, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ გენიალურ იდეას მიაგნო, როგორ ასწავლონ?  მასწავლებლებმა გაცილებით მეტი იციან სწავლების შესახებ, ვიდრე გარედან მისულმა კონსულტანტებმა.

აქცენტი იმაზე, რომ ინდივიდუალურად დაეხმარო სკოლებს საჭიროებებიდან გამომდინარე, სწორია, მაგრამ შეძლებს კი სამინისტრო ყველა სკოლასთან ინდივიდუალურად მუშაობას? ან სჭირდება კი ყველა სკოლას ამგვარი დამხმარე ჯგუფი? იქნებ სხვა მეთოდი აქვს განვითარებისთვის, მაგრამ უბლოკავ და ამბობ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არის ისევ ცენტრალიზებული მიდგომა, სადაც ამბობ, რომ სამინისტრომ იცის საუკეთესო მეთოდი, როგორ შეიძლება განვითარდეს ყველა სკოლა; იცის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ მასწავლებლები გახდნენ უფრო კომპეტენტურები და ბუნებრივია სკოლები ფიქრობენ, ჩვენ ხომ სხვა გზებიც გამოგვიცდია და შედეგიც მოუტანია, რატომ უნდა ვიმუშაოთ რაღაც ახალზე?!“.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ამ ინიციატივის კიდევ ერთი პრობლემაა ისიც, რომ არ არის კოორდინირებული სამინისტროს სხვა საქმიანობებთან და კომპლექსურად არ უყურებს, რა კომპონენტებისგან შედგება დღესდღეობით მასწავლებლის საქმიანობა. მაგალითისთვის, მისი თქმით, მასწავლებელს, რომელიც ათეულობით მოსწავლეს ასწავლის, დაუსახო მიზნად კომპლექსური დავალებების დაგეგმვა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ამოცანას რეალურად გაართვას თავი.

ექსპერტი განათლების საკითხებში რეზო აფხაზავა ყურადღებას ამახვილებს ადამიანური რესურსის საკითხზეც და ამბობს, რომ სისტემაში გვყავს მასწავლებლების დიდი ჯგუფი, რომლებსაც არ აქვთ შინაგანი მოტივაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ასწავლონ. აქედან გამომდინარე კი, მისი შეფასებით,  ჩნდება შეკითხვები: რამდენად ეფექტური იქნება მათთან მუშაობა? ან რამდენად კომპეტენტური არიან ის ადამიანები, რომლებმაც მათთან უნდა იმუშაონ? არის კი ქვეყანაში იმდენი პროფესიონალი კადრის რესურსი, რომელიც ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში შევა და კლიმატს გამოცვლის?

„ცალსახად კარგია, რომ პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზევე ხდება, სკოლის კონკრეტულ პრობლემებზე, იქ არსებულ საგანმანათლებლო და სასწავლო მიზნების გადაჭრაზე და არა თეორიული სწავლება, მაგრამ ასე მარტივად არ ხდება. თუ ადგილზე მიხვალ, მაგრამ მაინც ისეთ საკითხებზე ესაუბრები პედაგოგებს რაც არ ესმით, ესეც ტყუილად დახარჯული დრო არის, თუკი არ გაქვს სწორად შეფასებული რესურსები და კარგად გამართული სკოლის შეფასების სისტემა. აქედან უნდა დავიწყოთ. ენერგია პირველ რიგში უნდა მივმართოთ იმისკენ რომ სწორი დიაგნოზი დავსვათ“, – ამბობს რეზო აფხაზავა.

რეზო აფხაზავა პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ პროგრამის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. თავდაპირველად მოდელმა პილოტირება თბილისის #150 საჯარო სკოლაში გაიარა, თუმცა სამინისტროს დღემდე არ გამოუქვეყნებია ანგარიში, რა შედეგი მოიტანა სკოლისთვის ამ მოდელმა.

„ამხელა პროგრამები ამგვარად არ იგეგმება, ეროვნული მასშტაბის პროექტში მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. აბსოლუტურად გაუგებარია, რა კონცეპტუალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიქმნა ეს მოდელი, პოსტფაქტუმ გაჩნდა ზოგადი სახის დოკუმენტები. რეალურად ძალიან მკაფიოდ უნდა გაწერილიყო მიზნები, ამოცანები, არსებული სიტუაციების აღწერა, რა მდგომარეობაში ვართ ახლა, რატომ გვინდა ამის გაკეთება, რატომ არ კეთდება. იქნებ სხვა პრობლემაა? რითი მისაბუთებ, რომ ეს არის პრობლემა, აქ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებისთვის გვაქვს კი საკმარისი რესურსი? მასწავლებლებს შეუძლიათ, რომ ამას აყვნენ? ასეთი კომპლექსური წინარე შეფასება არ გაკეთებულა, არ გამოქვეყნებულა“.

თამარ ჯაყელი მიიჩნევს, რომ სისტემაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ამ პროცესის ყველა დეტალის გასაჯაროება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია: „დაძრულია უზარმაზარი პროცესები. ნამდვილად გასაჯაროვდება, როგორ მიდის საქმე. მინიმუმ ერთი წელი ხომ უნდა გავიდეს. ჩადებული გვაქვს კვლევითი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები, მუდმივად ვიკვლევთ მასწავლებლებთან და სკოლებთან ერთად მიმდინარე პროცესებს, რომ დავინახოთ, როგორ და საით მიდის პროცესები, საჭიროებისამებრ, რა და როგორ შევცვალოთ“.

 

როგორ შეფასდება, რა შედეგის მომტანია ახალი სკოლის მოდელი?

თამარ ჯაყელი ამბობს, რომ ყველა სკოლაში, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება, ტარდება შეფასებები, რომელიც, ერთი მხრივ, იკვლევს სასკოლო კულტურას, სასკოლო კლიმატს – თუ როგორი ურთიერთობები და დამოკიდებულებებია სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, რა დაწერილი და დაუწერელი წესები მოქმედებს სკოლაში; მეორე მხრივ,  –  მოსწავლეების (მეოთხეკლასელების) აკადემიურ მოსწრებას. ამ შეფასების ჩატარება გათვალისწინებულია ყოველწლიურად, „თითოეული სკოლა გაეჯიბრება საკუთარ თავს, წინა წელს შეადარებს ახალ შედეგებს“. თამარ ჯაყელი განმარტავს, რომ ეს  თვისებრივი და დიაგნოსტიკური ანალიზია – თითოეულ სკოლას ეძლევა საშუალება, გააცნობიეროს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და  შესაბამისად დაგეგმოს თავის სამოქმედო გეგმა. ეს მონაცემები რჩება სკოლასა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სკოლის მხარდაჭერის პროცესში არიან ჩართული. მისი თქმით, ეს არის შეფასება არა დასჯა-წახალისებისთვის, არამედ  დახმარებისა და წინსვლის ხელშეწყობისთვის. ამ ყოველწლიური შეფასების საშუალებით გამოვლინდება, როგორია ამ პროექტში ჩართული სკოლების წინსვლის კოეფიციენტი.

პროექტის გამოწვევებზე საუბრისას ჯაყელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სისტემაში იყოს ერთიანი ხედვა და „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები მასწავლებლებისთვისა და დირექტორებისთვის არ იქცეს ფორმალობად:

„სკოლა ერთიანი ორგანიზმია, არ შეიძლება მას დანაწევრებული მიდგომებით მივუდგეთ, არ შეიძლება განათლების სისტემის  ერთ სტრუქტურას ევალებოდეს მასწავლებლების მხარდაჭერა, მეორეს –  მოსწავლეთა შეფასება, მესამეს – სასწავლო გეგმები, ისე რომ ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო დიალოგში არ ვიყოთ და საერთო პლატფორმაზე არ ვიდგეთ“.

თამარ ჯაყელის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თავად სასკოლო კულტურა, რომელზეც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა წლების განმავლობაში დასჯა-წახალისებაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა და ხელი შეუწყო საქმის ფორმალურად კეთებას. თამარ ჯაყელი მიიჩნევს, რომ სასკოლო კულტურიდან ამის აღმოფხვრა დიდი გამოწვევაა და სერიოზული მუშაობა სჭირდება.

რამდენი დაიხარჯება ახალი სკოლის მოდელისთვის?

წლის ბოლომდე პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 19 მილიონი ლარია. უფრო კონკრეტულად კი სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხარდამჭერი ჯგუფის წევრების ტრენინგისთვის 624 520 ლარია გათვალისწინებული; მათი შრომის ანაზღაურებისთვის კი  3 315 600 ლარი.

მოსწავლეთა მიღწევების დინამიკისა და პროგრესის შემსწავლელი ტესტის შექმნისთვის 42 820 ლარია გამოყოფილი.

ციფრული ტექნიკის შესყიდვისა და ელექტრონული რესურსების განვითარებისთვის კი 14 319 105 ლარი დაიხარჯება.

დღესდღეობით მხარდამჭერ ჯგუფებში 550 ადამიანია ჩართული. 2018-2019 წლის მეორე სემესტრში ტრენინგი გაიარა და კონტრაქტი გაუფორმდა 190 ექსპერტსა და ასისტენტს, ხოლო 2019-2020 წლის პირველ სემესტრს – 360 ექსპერტსა და ასისტენტს.