პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრი მირდატ ქადამაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბათუმის საკრებულო უნდა დაითხოვოს და დაინიშნოს თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები.
„ამ ქალაქში თვითმმართველობა ვერ ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აამოქმედოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თ ქვეპუნქტი, რომლითაც მან უნდა დაითხოვოს ბათუმის საკრებულო და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები.
თვითმმართველობის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დაითხოვს საკრებულოს, ავტომატურად წყდება მერის უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ ქალაქში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გასაღები პრეზიდენტის ჯიბეშია. აქ განვითარებულ ყველა პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებელი არის საქართველოს პრეზიდენტი”- განაცხადა ქადამაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
ბათუმის საკრებულოში პარტია „ქართულ ოცნებას“ 17 მანდატი აქვს, ოპოზოციას 17 , მათ შორის ორი გიორგი გახარიას პარტიის წევრია. გუშინ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.