ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს და მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა

პუბლიკა

2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

მათივე ცნობით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.