„ომიკრონისგან“ გვაქვს როგორც გართულებული შემთხვევები, ისე გარდაცვალებაც - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევების უკვე 95% არის „ომიკრონის“ შტამი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან კი რამდენიმე ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა.

„ყველა მაჩვენებელი ეპიდსიტუაციის (როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი, ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი) გახლავთ გაზრდილი, მაგრამ, ჯერჯერობით, მძიმე შემთხვევების რაოდენობა კლინიკებში და დატვირთვა როგორც ინტენსიურზე, ისე რეანიმაციაზე არ იმატებს, ისევე, როგორც ჰოსპიტალურ სექტორზე. ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სექტორზე.

რაც შეეხება შეკითხვას, „ომიკრონისგან“ ადამიანები იღუპებიან თუ არა – რატომღაც, ეს მოარული ინფორმაციაა რომ „ომიკრონი“ ძალიან მსუბუქია და ჩვენ ამას გადავიტანთ ფეხზე და არაფერი არ იქნება. ის, სამწუხაროდ, ხანდაზმულებში იწვევს გართულებებს, შედარებით ნაკლებს, ვიდრე ეს იყო „დელტასთან“. „ომიკრონისგან“ გვაქვს, როგორც გართულების, ისე ფატალური შემთხვევებიც.

ჩვენთან გაანალიზებულია ის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია… რაც ცირკულირებს უკვე ქვეყანაში, 90-95% უკვე არის „ომიკრონის“ შტამი. ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს „ომიკრონის“  1754 შემთხვევა. აქედან დეტალურად შესწავლილია 1184 შემთხვევა, საიდანაც 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული, 14% იყო რეინფიცირება, ვისაც ჰქონდა „დელტა“, დაემართა „ომიკრონი“. ამ 1184 შემთხვევიდან 38 შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია, გარდაცვალება ამ 1184 შემთხვევიდან გვქონდა 3, რაც დადასტურებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ „ომიკრონისგან“ სულ გარდაიცვალა სამი. ესაა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 21.96% ხოლო 7 დღის – 24.96%.