„ჩვენ როგორც ქვეყანა ვზიანდებით და გამოვდივართ შერცხვენილი, რადგან ვერ ვთანხმდებით უმნიშვნელოვანეს საკითხზე, თუ ვინ არის ამ შემთხვევაში ოკუპანტი და აგრესორი“, – გამოცხადდა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, რომელზეც უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები უნდა იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. გამომდინარე აქედან, იოსელიანი ამბობს, რომ ის რეზოლუციას მხარს დაუჭერს.
„როგორც ყველა წინამორბედ რეზოლუციაში, რუსეთის ფედერაცია სადაც იყო ნახსენები, ამ რეზოლუციაშიც უნდა იყოს ნახსენები. ეს არის ჩვენი პოზიცია, იმიტომ, რომ თვითონ რეზოლუციის შინაარსი ეხება რუსეთს, ეს არ ეხება რომელიმე სხვა ქვეყანას.
მე მართლა არ მესმის ლოგიკა და გაჯიუტება ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“და გეტყვით რატომ:
ახლა დავბრუნდით. ვმონაწილეობდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც განვიხილავდით ბევრად უფრო რთულ საკითხებს – მაგალითად, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის შესახებ რეზოლუციას, რასაც ერთხმად დავუჭირეთ მხარი ყველამ, საქართველოს დელეგაციამ. მაგალითად, ერთხმად წინააღმდეგნი წავედით რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენც და „ქართული ოცნებაც“ ამ შემთხვევაში.
და ეს მაინტერესებს, საქართველოში რატომ გახდა ეს საკითხი შეუთანხმებელი? ტერმინებზე მიდის დავა? ყველა ხომ ვთანხმდებით, ამ დოკუმენტში რომ ეწეროს სიტყვა – „რუსეთის ფედერაცია“ ყველაფერი არის მოგვარებული, დასრულებული ხომ?!
მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ტერმინზე და უკრაინის ინტერესები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ერთმანეთთან კინკლაობა.
ამიტომ, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ამ დოკუმენტს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამიტომ მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ, ისევე, როგორც მხარს დავუჭერდი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელშიც იქნებოდა განსხვავებული ტექსტი, რომელშიც იქნებოდა ნახსენები რუსეთის ფედერაცია, და ა.შ. უბრალოდ, სხვა არ არის წარმოდგენილი ამის გარდა”, – განაცხადა იოსელიანმა.