საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, უკანონო მშენებლობებზე ისაუბრა და შესაბამისი ფოტომასალაც წარადგინა.
მან ახსენა კახეთის გზატკეცილზე აშენებული სავაჭრო ცენტრი „მოდუსი“.
„დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი ააშენეს უკანონოდ ისე, რომ თქვენმა მერმა ვერ დაინახა. წარმოუდგენელი რამეა. არადა, პირდაპირ წერია იქ, რომ სარეკრეაციო ზონაა. „მოდუსს“ ვგულისხმობ კახეთის გზატკეცილზე, რომელიც სტრატეგიული ობიექტია, გენგეგმაში წერია, რომ იქ მაგისტრალი უნდა გაკეთდეს. ჰოი, საოცრება, ვერ დაინახა ეს კალაძემ და დღეს იქ სავაჭრო ცენტრია აშენებული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის მერიის პრესსამსახურში უკანონო მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და მერის, კახა კალაძის კომენტარსაც ავრცელებენ.
„კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან დაბალი ჯარიმა იყო დაწესებული. კომპანიები თავისუფლად იხდიდნენ მას და განაგრძობდნენ მშენებლობებს. ჩვენ ამ პრობლემას დავუპირისპირდით. ჩვენი ინიციატივით, უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, კომპანია „მოდუსმა“ კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ ააშენა კომერციული დანიშნულების შენობა. თბილისის მერიას აღნიშნული მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. შესაბამისად, მერიაში ამბობენ, რომ რამდენჯერმე დაჯარიმდა კომპანია ჯამში, 245 000 ლარის ოდენობით.
„უკანონო მშენებლობებზე მუნიციპალური ინსპექცია მყისიერად რეაგირებს კანონის ფარგლებში. უფრო მეტიც, პრევენციის მიზნით, თბილისის მერის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებით შემოიღო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა“, – ამბობენ მერიაში.