სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ შეუერთდა

პუბლიკა

სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ შეუერთდა და პარტიის პოლიტიკურ მდივნადაც დაინიშნა. ამ დრომდე სამადაშვილი „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი იყო.

„პოლიტიკაში ჩვენ ვართ გარკვეული ღირებულებებისთვის. ჩემთვის პირველი ღირებულება არის ჩემი ქვეყანა და „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომ მიმაჩნია მათთან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად;

მეორე მთავარი ღირებულება ჩემთვის პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის თავისუფლებისთვის გაერთიანება, თავისუფალი ადამიანების გაერთიანება.

მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს, არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და „ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებული და ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული, ამიტომ გადავწყვიტე, დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“.

ჩვენთვის დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ქვეყანა დადის უკანასკნელი წლებია და დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის მძევლად აიყვანა ჩვენი მოქალაქეების მომავალი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ 2021 წლის გაზაფხულზე დატოვა და ინდივიდუალურად მოაწერა ხელი „მიშელის დოკუმენტს“.

პარტიის დატოვების გადაწყვეტილება სამადაშვილმა სწორედ „მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერასთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვის გამო მიიღო. ენმ, მიუხედავად გიორგი რურუას გათავისუფლების და სხვადასხვა სისტემური რეფორმის შემუშავების პირობისა, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლამდე არ აწერდა ხელს დოკუმენტს, სამადაშვილს კი მიაჩნდა, რომ მისი პარტიის პოზიცია „სასაცილო და ინფანტილური“ იყო.