საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს მიმართა, რომ ევროკავშირისა და მისი სტრუქტურების ოფიციალური დოკუმენტებიდან ტერმინი – „სამხრეთ ოსეთი“ ამოიღონ.
სვენ მიკსერს დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენდნენ. ევროპარლამენტარის გამოსვლის შემდეგ სამხარაძემ უთხრა სვენ მიკსერს, რომ საქართველო ამ ტერმინს არ იცნობს და არ არის სასიამოვნო, როცა მისი პარტნიორები იყენებენ ტერმინ „სამხრეთ ოსეთს“.
„სამხრეთ ოსეთი“ – ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან.
მით უმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს“, – მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს.
სამხარაძის თქმით, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ, თავის ყველა დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“.
„ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.