„თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნულები“, – ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც მას მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის შესახებ ეკითხებოდნენ.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს, არის ტყუილი. მანვე განმარტა, რომ იგეგმება 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა და არა მერიის შენობის გადატანა.
„არასდროს არ შეგრჩებათ სიცრუე; არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაცია და მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნულები და დაფიქრდით. მე პირადად, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნულები. ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი – განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, დახმარება ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“, – მიმართა მან ჟურნალისტებს.
თბილისის მერიამ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ცრუ უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყება ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს. თუმცა განცხადებაშივე განმარტავენ, რომ თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროებისა და ერთი ოფისის პროექტირება.