„აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპრაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.
ჩვენი სოლიდარობა, სხვათაშორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.