გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“(Sknews.ge) ცნობით, დღეს ადიგენში აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 30-მდე მუშა გაიფიცა.
მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ დაბალია მათი ანაზღაურება და არასათანადო შრომითი პირობები აქვთ. ამასთანავე, ხაზს უსვამენ, რომ კომპანიამ უმიზეზოდ გაათავისუფლა რამდენიმე ადგილობრივი და მათ სამუშაოზე აღდგენასაც მოითხოვენ.
„საცინად გვიგდებენ, არ გვისმენენ, ჩამოყვანილებს დიდი ხელფასი აქვთ, 4 000 ლარს უხდიან, ჩვენ კი 2000-სსაც არ გვაძლევენ. ყველას გვიშვებენ, აქაურები 10–15 კაცი დავრჩით“, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული „სამხრეთის კარიბჭსთან“.
მუშები გამოცემასთან ამბობენ, რომ შემოვლით გზის მშნებელობას თურქული კომპანია „მაკრო კონსტრაქშენი“ აწარმოებს.
ადგილობრივმა მედიამ – „სამხრეთის კარიბჭემ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეებთან ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი მივიდა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ის რამდენიმე მუშასთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება და მხარეებს შორის მოლაპარაკებაში მიიღებს მონაწილეობას.