2020 წლის გაზაფხულზე სახლებში გამოკეტილი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, სხვა საკითხებთან ერთად, იმასაც არჩევდა, რამდენად სწორი იყო კოვიდეპიდემიის მართვის შვედეთის მიერ არჩეული სტრატეგია. საქართველოს მთავრობის მომხრეებმა თუ იდეოლოგიურმა მოკავშირეებმა ეს სტრატეგია უმალ ანტიჰუმანურად გამოაცხადეს ისე, რომ არც დაუზუსტებიათ, რეალურად რას ემყარებოდა იგი. შვედების მიდგომა შეფასდა, სტერეოტიპული აზროვნების მიხედვით, როგორც ლიბერტარიანული და, მაშასადამე, გათვლილი მხოლოდ ეკონომიკის გადარჩენაზე, ადამიანთა სიცოცხლის ფასად.
კოვიდპანდემიის თითქმის ორი წლის თავზე, მილიონ მოსახლეზე გადათვლით, საქართველომ – რომელმაც მკაცრი „ლოკდაუნების“ არაერთი ფაზა გაიარა – 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაკარგა კოვიდით, ვიდრე შვედეთმა. რომ არა სკანდინავიის ამ ქვეყანაში ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე მოხუცებულთა სახლებს მოდებული ვირუსი და ამით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა 2020 წლის გაზაფხულზე, ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა და არც შვედეთს ექნებოდა უფრო ცუდი მაჩვენებელი, ვიდრე მის უშუალო მეზობლებს.
ობიექტურობისათვის: ნორვეგიას, ფინეთსა და დანიას, რომლებმაც მეზობლისგან განსხვავებით, სავალდებულო შეზღუდვებს მიმართეს, სიკვდილიანის მხრივ, შვედეთზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსში შვედეთის პოზიციები ასე გამოიყურება საქართველოსა და ფინეთთან მიმართებით:
საქართველომ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ფინეთის შეზღუდვების არსენალი, თუკი დავაკვირდებით, შვედეთზე უფრო მსუბუქიც კი იყო დროის უფრო მეტი ხნის განმავლობაში. 2 თებერვლის მდგომარეობით, ჯამური სიკვდილიანობით (მილიონ მოსახლეზე გადათვლით), ყველა სახელმწიფოსა და ტერიტორიას შორის, რომელსაც ourwarldindata.org ითვლის, საქართველო მე-7 ადგილზეა, შვედეთი – 55-ზე, დანია – 104-ზე, ფინეთი – 122-ზე და ნორვეგია – 129-ზე.
რაშია საქმე?
2020 წლის 31 იანვარს, როდესაც საქართველოში ჯერ ვირუსი დაფიქსირებული არ იყო, ამ ინფექციაზე ჩემი პირველი სტატუსი დავწერე, რომელშიც ვამბობდი: „ასეთი საფრთხეების თავიდან აცილების მექანიზმები ვირუსის გამოჩენამდე იქმნება და მას სახელად „ეფექტიანი დემოკრატია“ ჰქვია – პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები ქმნიან მმართველობის ეფექტიან სისტემას, რომელიც უფრო მზადაა საფრთხეების გასამკლავებლად, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქე არაფრად ფასობს. …ეფექტიან დემოკრატიაში არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, პირველ რიგში, მოქალაქეთა ქცევა განსაზღვრავს საფრთხესთან გამკლავების მექანიზმების ეფექტიანობას. თუმცა მოქალაქეთა კოლექტიურად გონიერ ქცევას მთავრობისადმი ნდობის მინიმალური დონე სჭირდება.“
2020 წლის 23 ივლისის ინტერვიუში ანდერს ტეგნელმა, შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა და კოვიდეპიდემიაზე შვედეთის საპასუხო სტრატეგიის ავტორმა, განაცხადა:
- შვედური სტრატეგიის გასაღები მმართველობის მისეულ ტრადიციაშია: მთავრობა აცხადებს შეზღუდვებს, ოღონდ სარეკომენდაციო და არა სავალდებულო სახით და ფიქრობს, რომ მას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დაძალებისა და სანქციების გარეშეც გაითვალისწინებს;
- შეიძლება „ლოკდაუნი“ იძლევა განსხვავებას, მაგრამ სკოლების დახურვა და ხალხის უსამსახუროდ დატოვება ასევე ცუდია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის;
- უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება; არჩეული სტრატეგიების შეფასებები კი, მინიმუმ, ერთი წლის შემდეგ გავაკეთოთ.
ამ მიდგომის არსი ემყარებოდა რამდენიმე პრინციპულ დაშვებას:
- კოვიდპანდემია გაცილებით გრძელვადიანია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია;
- შესაბამისად, ქვეყანაში ეპიდემიის მართვა უნდა ემყარებოდეს რესურსების ყაირათიან გამოყენებას. ეს რესურსები, პირველ რიგში, მოქალაქეთა ნდობა, მათი ფსიქოლოგიური გამძლეობა და რეკომენდაციებისადმი დამყოლობაა;
- აქედან გამომდინარე, შეზღუდვები უნდა იყოს ისეთი, რომლის ლოგიკა ადამიანებს ესმით, ხოლო მათი შესრულება ძალდაუტანებლად რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ.
2020 წლის 21 მარტს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მეც მხარი დავუჭირე ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მკაცრ „ლოკდაუნს“. ჯერ ერთი, კარგად მესმოდა, რომ საქართველოში მმართველობის შვედური ტრადიცია არ გვაქვს. მეორეც, იმის მიუხედავად, რომ უკვე ნათქვამი მქონდა, რომ მოგვიწევდა კოვიდთან ერთად თანაცხოვრება (რაზედაც სამთავრობო ტროლების მასირებული შეტევა მივიღე სოციალურ ქსელებში), იმ მომენტისათვის საფრთხე იმდენად უცნობი და გაურკვეველი იყო, ეს გადაწყვეტილება ერთადერთ გამოსავლად ჩანდა.
მაგრამ 2020 წლის 21 აპრილს მხარი აღარ დავუჭირე საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ სტრატეგიას, ეპიდემია მხოლოდ „ლოკდაუნებით“ ემართა, რადგან:
- იმ ტიპის შეზღუდვებს, რაც მთავრობამ დააწესა (მაგალითად, ოჯახის წევრის მიერ მანქანის წინა სავარძლის დაკავება მძღოლის გვერდით), არათუ რაიმე მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნდა, საღ აზრთან მოდიოდა წინააღმდეგობაში;
- მთავრობის გადაწყვეტილებები არაპროგნოზირებადი იყო: არ იყო გამოცხადებული კონკრეტული ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები, რომელზე დაყრდნობითაც რომელიმე შეზღუდვა დაწესდებოდა ან მოიხსნებოდა;
- შეზღუდვები ერთნაირი იყო ქვეყნის ყველა რეგიონში იმის მიუხედავად, რომ, დემოგრაფიული, ურბანული, სატრანსპორტო და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რეგიონებში სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო;
- რაც მთავარია, უყაირათოდ ხდებოდა მოქალაქეთა ნდობის, მათი ფსიქოლოგიური გამძლეობისა და რეკომენდაციებისადმი დამყოლობის რესურსის გაფლანგვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ და ეკონომიკურ ზიანზე, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ მაშინ მიიღო (2020 წლის გაზაფხული-ადრეული ზაფხული), როდესაც ამის არანაირი ეპიდემიოლოგიური საჭიროება ჯერ არ არსებობდა.
სამედიცინო თვალსაზრისითაც, მიუტევებელ „დათვურ სამსახურს“ ჰქონდა ადგილი. „ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს გეგმა, რა ხდება, როცა იმატებს შემთხვევები. რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?“ – ვწერდი 2020 წლის 13 მარტს publika.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში „ჯანდაცვის სექტორის გამოწვევები COVID-19-თან საბრძოლველად“.
იმის ნაცვლად, რომ ეპიდემიის ადრეულ ეტაპზევე გვესწავლა ინფექციის საშუალო სირთულისა და მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და გაგვეძლიერებინა პირველადი ჯანდაცვის რგოლი, დრო და ფინანსები გაიფლანგა უკლებლივ ყველა პაციენტის საავადმყოფოში მკურნალობაზე. (როგორი უნდა ყოფილიყო ეპიდემიის მართვის სწორი სტრატეგია, ახსნილი მაქვს forbes.ge-ზე 2020 წლის 13 მაისს გამოქვეყნებულ წერილში „ვინ მართავს კრიზისს – ჩვენ თუ ვირუსი?“) როდესაც პირველი სერიოზული ტალღა მივიღეთ (2020 წლის ნოემბერში), აღმოჩნდა, რომ გახარიას მთავრობას სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადებისთვის არაფერი ჰქონდა გაკეთებული და გამოსავლად ისევ ხანგრძლივი „ლოკდაუნი“ შემოგვთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივნისსა (როდესაც მთავრობამ 3-თვიანი უმკაცრესი „ლოკდაუნიდან“ ქვეყანას თანდათან გამოსვლის ნება დართო) და 2020 წლის ნოემბერს (როდესაც მთავრობამ ქვეყანა ისევ უმკაცრეს „ლოკდაუნში“ შეაბრუნა) შორის არაფერი გაკეთებულა კოვიდის საფრთხეების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და დატოვებული რეგულაციებისადმი მათი დამყოლობის უზრუნველსაყოფად. პირიქით, რაკიღა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდებისთვის სჭირდებოდა, „ქართული ოცნება“ და პრემიერი გახარია დღენიადაგ კოვიდის წარმატებულ მართვაზე საუბრობდნენ.
უფრო მეტიც, მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში, როდესაც პიკზე დღიურად საშუალოდ 45 ადამიანი იღუპებოდა, აღიარა მთავრობამ, რომ 2020 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონის ჩაკეტვა (შემოდგომის ტალღა სწორედ აჭარის რეგიონში შემთხვევათა მატებით დაიწყო) მნიშვნელოვნად შეამცირებდა ტალღის ძალას. ასეთი გადაწყვეტილება კი მთავრობამ სექტემბერში იმიტომ არ მიიღო, რომ იგი საფუძველს გამოაცლიდა ეპიდემიის წარმატებული მართვის „ოცნებისეულ“ პროპაგანდას.
ასეთი „ზიგზაგური მენეჯმენტის“ („ლოკდაუნი“ – უკონტროლობა – „ლოკდაუნი“) სავალალო შედეგი არა მხოლოდ დაკარგული სიცოცხლეები აღმოჩნდა, გრძელვადიანად, ასეთმა „წარმატებულმა მართვამ“ შეარყია საზოგადოებაში კოვიდინფექციის საფრთხის აღქმა, რეგულაციების დაცვის აუცილებლობის გააზრება და კოვიდთან უსაფრთხო თანაცხოვრებისთვის საჭირო ქცევის გამომუშავების უნარი. მკაცრმა „ლოკდაუნებმა“ იმდენად სწრაფად ამოწურა მოქალაქეთა ფსიქოლოგიური გამძლეობის რესურსი, რომ „ულოკდაუნო“ პერიოდებში საერთოდ ქრებოდა თუნდაც მინიმალური აუცილებელი შეზღუდვის (მაგალითად, პირბადის ტარება) შესრულების მაჩვენებელი.
საზოგადოებაში კოვიდინფექციის საფრთხის არასათანადო აღქმამ ნიადაგი შეუმზადა ვაქცინაციის საჭიროების არასათანადო გააზრებასაც. 2020 წლის დეკემბერში ვაქცინაციისათვის მზადყოფნას საზოგადოების 41% აცხადებდა და მთავრობის მხრიდან საინფორმაციო კამპანიის არარსებობის პირობებში ეს მაჩვენებლი 2021 წლის თებერვლისთვის 35%-მდე დაქვეითდა. სამწუხაროდ, 2021 წლის დეკემბერში ზრდასრული მოსახლეობის ჯერ კიდევ 42% აცხადებს, რომ არ გაიკეთებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, რაც მხოლოდ 5%-ით ნაკლებია 2021 წლის ივლისის მონაცემზე.
ბუნებრივია, „უპატრონო ეკლესიას დაეპატრონნენ ეშმაკებიც“ და ეს საინფორმაციო ვაკუუმი მეტწილად რუსეთიდან დაფინანსებული, შავრაზმული, ანტიდასავლური და ანტილიბერალური ჯგუფების ანტივაქსერულმა კამპანიამ შეავსო (იხილეთ, მედიის განვითარების ფონდის ანგარიში „ინფოდემია საქართველოში“). ბოლო მონაცემები კი ასეთია: 2022 წლის 30 იანვრის მონაცემებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 41%-ია აცრილი, ხოლო თუ მთელ მოსახლეობაზე გადავთვლით (ბავშვების ჩათვლით) – 31% (ourworldindata.org-ის 3 თებერვლის მონაცემი).
იმ პირობებში, როდესაც ვაქცინირებულმა მსოფლიომ მეტ-ნაკლებად ამოისუნთქა და სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა, არასაკმარისად ვაქცინირებულმა საქართველომ უფრო მეტი სიცოცხლე სწორედ ვაქცინაციის დაწყების დღიდან (2021 წლის 15 მარტი) დაკარგა: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მე-8 ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე კოვიდინფექციით 10,917 ადამიანი გარდაიცვალა (იხილეთ ჩემი 2021 წლის 26 სექტემბრის წერილი publika.ge-ზე „მივხედოთ მოხუცებს რეგიონებში“).
სიკვდლიანობის თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე 2021 წლის აგვისტოსა და ნოემბრის ტალღები აღმოჩნდა. იმის დამატებით, რომ მთავრობამ ვაქცინაციის მხარდამჭერი არანაირი მასობრივი საინფორმაციო კამპანია არ აწარმოა, 2021 წლის 1 ივლისიდან სრულად მოშალა ის მინიმალური ეპიდემიოლოგიური კონტროლი, რაც მანამდე არასათანადოდ, მაგრამ მაინც არსებობდა. ყველაზე ცინიკური მთავრობის გადაწყვეტილებების დასაბუთება იყო: თურმე ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამდენ შეზღუდვას და თურმე სიღარიბე ისევე კლავს, როგორც კოვიდი.
ეს ხომ ზუსტად ის იყო, რასაც მთავრობას 2020 წლის გაზაფხულზე ვეუბნებოდით! ოღონდ ეპიდემიოლოგიურად დაუსაბუთებელი მკაცრი „ლოქდაუნების“ ალტერნატივად არასოდეს დაგვისახელებია სრული უკონტროლობა და აუცრელი საზოგადოების სიკვდილისთვის გაწირვა. ის ხალხი, ვინც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ბაზაზე არსებულ ჯანდაცვის ჯგუფში შევდიოდით, ალტერნატივად ყოველთვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებულ ზომიერ რეგულაციებს ვასახელებდით, თან იმ პირობით, რომ მთავრობა მასობრივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებდა ამ რეგულაციების მიზანშეწონილობის საზოგადოებისთვის ასახსნელად და რეგულაციების შესრულებისადმი მოქალაქეების დამყოლობის გასაზრდელად (ამ ჯგუფის რეკომენდაციები იხილეთ eprc.ge-ზე).
მკითხველმა შეიძლება მთავრობის არაკომპეტენტურობასა თუ უნიათობას მიაწეროს კოვიდშესაბამისი ქცევისა (ხალხმრავალი შეკრებებისადმი თავის არიდება, პირბადის ტარება, ჰიგიენა, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ბინაზე მოვლის რეკომენდაციები) და ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიების ჩაუტარებლობა. სინამდვილეში, პრობლემა უფრო ღრმაა და მისი არსი პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5-6 ივლისს პრორუსული, შავრაზმული, ანტიდასავლური და ანტილიბერალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მოწყობილი „პოგრომის“ მხარდაჭერაში ძევს.
როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ ჯგუფების (რომლებიც იმავდროულად ანტივაქსერული მოძრაობის წამყვანი ძალაა საქართველოში) მთავრობისადმი ლოიალობის შენარჩუნებას ეწირება კოვიდეპიდემიის სათანადო მართვა, ვაქცინაცია და, საბოლოოდ, ადამიანთა სიცოცხლეც. 1 თებერვლიდან „მწვანე პასპორტის“ გაუქმება სწორედ ამის დემონსტრირებაა.
საქართველოს მთავრობამ „მწვანე პასპორტი“ 1 დეკემბრიდან იმ ფორმით შემოიღო, რომ მას თავისი 2 ფუნქცია – ინფექციის გავრცელების კონტროლი და ვაქცინაციის წახალისება – იმთავითვე დაუკარგა. ჩამონათვალი, სადაც „მწვანე პასპორტის“ წარდგენა იყო საჭირო, მოიცავდა მხოლოდ ისეთ დაწესებულებებს, სადაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დადის და ისიც მხოლოდ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში. „მწვანე პასპორტი“ არ გავრცელებულა ტრანსპორტსა და სასურსათო მაღაზიებზე, რაც მას მართლაც აქცევდა ინფექციიის კონტროლისა და ვაქცინაციის წახალისების ეფექტიან საშუალებად. ამდენად, „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას ეპიდემიოლოგიურად ვერანაირი უარყოფითი ეფექტი ვერ ექნება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი სიმბოლური აქტია: იგი ანტივაქსერებმა პირად გამარჯვებად მიიჩნიეს.
საქართველოში ეპიდემიის ამგვარად მართვის შედეგი, საბოლოდ, რიცხვებში ასე გამოიყურება:
- 15 141 გარდაცვლილი (4 თებერვლის მდგომარეობით);
- ფასების ორნიშნა ზრდა (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) ზედიზედ 8 თვის განმავლობაში, რაც ისედაც ღარიბი მოსახლეობის ფართო ფენების გაღატაკების საფუძველია;
- საარსებო შემწეობის მიმღებთა 216 ათასით გაზრდილი რაოდენობა (432 218 ადამიანი 2020 წლის იანვარში და 648 176 ადამიანი 2022 წლის იანვარში);
- არასწორად მართული ეპიდემიისა და ამის შედეგად განათლების სექტორის კიდევ უფრო გამძაფრებული გამოწვევების უგულებელყოფის გამო, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკისთვის სასწავლო დანაკარგის დღევანდელი ღირებულება (რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ გაიზრდება) დაახლოებით 55 მლრდ ლარია.
რა ვქნათ? – იკითხავს მკითხველი. პასუხი ორია, ერთმანეთთან გადაჯაჭვული:
- როდესაც უპასუხისმგებლო მთავრობა ჰყავს, ყოველი მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იზრდება: უნდა შევზღუდოთ კონტაქტები, ვატაროთ პირბადე, რაც მთავარია, ავიცრათ და დავიბუსტოთ;
- საფრთხემ არც ისე უნდა შეგვაშინოს, რომ უპასუხისმგებლო მთავრობას უპირობოდ მივეკედლოთ და ეპიდემიასთან მისი „წარმატებული“ ბრძოლის დავიჯეროთ (ლომბარდიის კადრების ფონზე), და საფრთხე არც ისე უნდა უგულებელვყოთ, რომ არჩევნებზე ეპიდემიის „წარმატებული“ ბრძოლის შედეგები არ გავითვალისწინოთ.