პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6 პროცენტია კოვიდინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უწყების მტკიცებით, შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში COVID-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს.
„განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების“, – აღნიშნავს პენიტენციური სამსახური.
როგორც უწყება ამბობს, კორონავირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან.
მათივე ცნობით, ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
„აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57 კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.
რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვაქცინაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია.
„არსებული მონაცემებით, ვაქცინირებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა – 86%, რევაქცინირებულია – 81%, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია კი ჩაუტარდა 3076 მსჯავრდებულს. ასევე, ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94 %“, – ნათქვამია განცხადებაში.