დალ’ოსოს კონფერენცია აფხაზეთზე არ ასახავს პარტიისა და იტალიის პოზიციას - Forza Italia-ს ვიცე პრეზიდენტი

პუბლიკა

იტალიის საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ვალენტინო ვალენტინი განცხადებით ეხმაურება მისი ჯგუფის წევრის, მატეო დალ’ოსოს მიერ იტალიის პარლამენტის მედიაცენტრში გამართულ კონფერენციას, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ვალენტინის განცხადებით, რომელიც საქართველოს საგარეო უწყების მიხედვით, პასუხისმგებელია საგარეო ურთიერთობებზე, ეს კონფერენცია მხოლოდ დეპუტატის პირადი ინიციატივა იყო და მათი საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„შევიტყვეთ დეპუტატ დალ’ოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალ’ოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტია Forza Italia-ს პოზიციას.

ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, – ნათქვამია ვალენტინო ვალენტინის განცხადებაში (საგარეო საქმეთა სამინისტროს თარგმანი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის განცხადებასაც, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ კონფერენცია დეპუტატის პირადი ინიციატივა იყო და არ ასახავს მათ პოზიციას.

„პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია არ იმართება არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდითა და მხარდაჭერით. მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი“, – აცხადებს დეპუტატთა პალატა.


გუშინ იტალიის პარლამენტში დეპუტატ მატეო დალ’ოსოს მოწყობილი კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით – „ხალხების თვითგამორკვევის უფლება, აფხაზეთი და დიდი ევროპა“, რომელშიც ონლაინ ჩაერთნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებიც.

იტალიის პარლამენტში მოწყობილ კონფერენციას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მატეო დალ’ოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით და აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში.

განსხვავებით იტალიის ოფიციალური პოზიციისგან, რადგან იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.