პრემიერმა ფინანსთა მინისტრს „ქოლ ცენტრების“ შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

„ბევრნაირი „ქოლ-ცენტრი“ არსებობს ქვეყანაში. ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა სცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არის საჭირო.  მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით. ამაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭიროა რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რამაც, მართლაც, კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს.

ისინი არიან ჩართულები. ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით, ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც რა თქმა, უნდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა, გთხოვთ, ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

მის განცხადებას ბეჭდურად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.