მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას - ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომლის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასაც დღეს პარლამენტი კენჭს უყრის, აცხადებს, რომ სასესიო დარბაზში კენჭისყრის პროცესს დაესწრება, რათა ნახოს ის კოლეგები, რომლებიც ხმას დაუჭერენ გადაწყვეტილებას.

ჯაფარიძის შეფასებით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

„მგონია, ისტორია მეორდება – 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას… რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ. შესაბამისად, მე დაველოდები კენჭისყრას. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში და, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ მოგახსენებთ გეგმებთან დაკავშირებით.

დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია. შესაბამისად, ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც ჩანს, მათ განზრახული არ ჰქონდათ და ეს იგრძნობოდა კიდეც გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს. შესაბამისად, ეს არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის. დაველოდოთ კენჭისყრას. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების შეწყვეტას.

დღეს პარლამენტში კი მათ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ეყრება კენჭი.