„ეს უნდა გახდეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი“ - დოლიძე სიების აღდგენაზე

პუბლიკა

შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის გაუქმებული მანდატები უნდა შეივსოს გახსნილი პროპორციული სიებით – ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „ლეიბორისტებმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს საარჩევნო სიების ჩახსნის განცხადებით მიმართეს. ცესკოს თავმჯდომარემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, თუკი პარლამენტში ამ ფრაქციების დეპუტატებს მანდატები გაუუქმდებათ, მათ ადგილს სიის სხვა წევრი ვეღარ დაიკავებს.

არსებობს თუ არა მოქმედ კანონმდებლობაში გაუქმებული სიის აღდგენის ბერკეტი? „პუბლიკა“ ამ შეკითხვით ცესკოს დაუკავშირდა.

ცესკოში გვიპასუხეს, რომ კანონმდებლობით, გაუქმებული სიის აღდგენა შეუძლებელია და არც საპარლამენტო მანდატების შევსებაა შესაძლებელი ისეთ შემთხვევაში, როცა პარტიას საარჩევნო პროპორციული სია ჩახსნილი აქვს.

მაშინ რა გზით შეიძლება შესრულდეს ის, რასაც ხატია დეკანოიძე ამბობს?

„პუბლიკა“ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელს, ნინო დოლიძეს ესაუბრა.

„მოქმედი კანონმდებლობით, ცხადია ცესკო ამას ვერ შეძლებს. ეს უნდა გახდეს პოლიტიკური კონსესუსის და შეთანხმების საგანი და ამას, შესაძლოა, დასჭირდეს საკანონმდებლო ცვლილება. თუ ამაზე იქნება ნება და პოლიტიკური შეთანხმება პარტიებს შორის, შესაძლოა, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს, თავისი პროცედურებით მოხდეს მსჯელობა და მიიღონ გადაწყვეტილება, ვთქვათ, მოხდეს [სიების] აღდგენა, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით ვერ აღადგენენ, იმიტომ, რომ ეს სიები არის უკვე ჩახსნილი ცესკოს თავმჯდომარის მიერ“, – განმარტავს ნინო დოლიძე.

დოლიძის განცხადებით, თუ მმართველი პარტია ნებას გამოიჩენს და შესაბამის პროცესს წამოიწყებს, შესაძლებელია სხვადასხვა მექანიზმის გამოძებნა.

„სამართალი ისეთი რამაა, სამართლებრივი მექანიზმების მოძიება შესაძლებელია, თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება, ისევე როგორც, როცა „შარლ მიშელის დოკუმენტს“ ხელი მოეწერა, იქ იყო ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი გზა მოიძებნა.

ასე თუ წავა მმართველი პარტია, ეს იქნება სწორი, რადგან თითოეული დეპუტატი არის დიდი დანაკლისი ქვეყნისთვის, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპულბიკა და ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, კანონში ცვლილება რომც შემუშავდეს, მას უკუძალა არ ექნება და მე-10 მოწვევის პარლამენტს არ შეეხება.

„პოლიტიკურად რამეს თუ მოიფიქრებენ, არ ვიცი“, – ამბობს დოლიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 10 თებერვალს გაავრცელეს განცხადება და პარლამენტს მანდატების გაუქმების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდეს.

ამავე განცხადებაში NGO-ები მოუწოდებენ პარლამენტს, დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც, მათი თქმით, პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება.

„არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია „გამჭვირვალობისა“ და ISFED-ის განცხადებაში.