პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რამდენიმე წუთში დეპუტატების – ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის გაუქმებას უნდა უყარონ კენჭი, განაცხადა, რომ ის ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს.
ალექსანდრე ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში მარტივია გადაწყვეტილების მიღება, რადგან მას თავად არ სურს პარლამენტში ყოფნა, ხოლო შალვა ნათელაშვილზე აღნიშნა, რომ ის მისი მანდატის გაუქმებას მხარს დაუჭერს.
„ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მარტივია, ადამიანს არ უნდა პარლამენტში მუშაობა და გასაგებია, ვერავის აიძულებ.
ძალიან მინდოდა, რომ შალვა ნათელაშვილი ამ დარბაზში ყოფილიყო და მისთვის პირადად მეთქვა, რასაც ვფიქრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე. მაგრამ ახლა აქედან არ იქნება მთლად კარგი. მიმაჩნია, რომ ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ქართველ პოლიტიკოსებს შორის. მე მითქვამს და ხმამაღლა ვამბობ, რომ მხარს დავუჭერ მისთვის მანდატის შეწყვეტას. ამით ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს, იქნებ რამე ხეირიანს მოახმარდეს ის ფული.
და მესამე, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ „ლელო“ მიყვარს, ან შემიყვარდა, ან რაღაც აღმატებული წარმოდგენა მაქვს. მაგრამ მე აქ პარლამენტში ვაკვირდები, ვინ როგორ მუშაობს და ვის როგორ უნდა, რომ ეს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი გამოიყენოს ისევ ქვეყნის სასიკეთოდ. ჩემი კონკურენტი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ბატონი ბადრი, სხვა არ იტყოდა, მაგრამ მე ამას ვიტყვი – ის არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატი და ძალიან კარგი დეპუტატი. ასეთი ბევრი დეპუტატი პირიქით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისთვის მანდატის შეწყვეტა იქნება პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.