ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა კანონი დაარღვია - PHR

პუბლიკა

ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ამბობენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა კანონი დაარღვია.

ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის 16 მაისს ნელი დოროყაშვილმა სოციალურ მუშაკს შეატყობინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაემუქრა. იგი იყო შეშინებული და აპირებდა პოლიციისთვის მიემართა.

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები პირის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად.

„ნაცვლად ამისა, საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა, ნელი დოროყაშვილს გადააფიქრებინა მუქარის ფაქტზე პოლიციისადმი მიმართვა.

2020 წლის 21 მაისს ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განმეორდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. სწორედ განმეორებით ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულად ცნეს ოჯახში ძალადობის 5 ეპიზოდზე, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ისტორია

PHR-ში ამბობენ, რომ 2021 წლის ივლისში ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა სამართლებრივ დავაში მტკიცებულებად წარმოადგინეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ზემოხსენებული სოციალური მუშაკის 2020 წლის 21 მაისამდე მიმოწერა.

„მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ დავაში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი სთხოვა: მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა, “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა დაარღვია სოციალურმა მუშაკმა?

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით.  სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, ამავე კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე იწვევს სოციალური მუშაკისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

PHR-ის წარმომადგენლებმა (ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა) განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მოითხოვეს სოციალური მუშაკის ქცევის შესწავლა და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან PHR-ს აცნობეს, რომ სააგენტომ განიხილა განცხადება. მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სოციალურმა მუშაკმა დაარღვია კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რის გამოც დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დადგინდა.