გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით – კობახიძე ქოლცენტრების გამოძიებაზე

პუბლიკა

„ეს არის კონტრშეტევის მცდელობა თავდაცვის მიზნით“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, „რაზე მიანიშნებდა ოპოზიციის მიერ, ე.წ. ქოლცენტრების საკითხზე გაკეთებული განცხადებები – „ხომ არ არის ეს კეზერაშვილის დაცვის მცდელობა – იგივე, რომ არ დაკარგონ დაფინანსება და ა.შ.“

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მათზე შეტევისას თავდაცვის საშუალებად შეტევას იყენებს. „ეს ტაქტიკა აირჩიეს მათ“, – აღნიშნა „ოცნების“ თავმჯდომარემ.

კობახიძე ამბობს – „თუმცა ეს ტაქტიკა ვერ იქნება წარმატებული, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ყველაფერი გახდება ცხადი, მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის კონკრეტული პირი „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული, მის ტელევიზიებთან პირდაპირ დაკავშირებული, რომელიც აშკარად არის ეჭვმიტანილი ძალიaნ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება ქოლცენტრებს“.

ჟურნალისტი – „ტერმინი „ეჭვმიტანილი“ არ არსებობს. პირდაპირ რომ თქვათ, კონკრეტულად ვის გულისხმობთ?“

კობახიძე – ეჭვმიტანილი არის პოლიტიკური ტერმინი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. გვარი „კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით.

ჟურნალისტმა კობახიძეს მიუთითა, რომ ის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა ამ პირის დასახელებით.

– „მე არ მითქვამს ვინ არის“, – პასუხობს კობახიძე ჟურნალისტს.

– „თქვენ თქვით, გვარი „კ“-ზე იწყება და ტელევიზიის მფლობელიაო“.

– „კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა არ ვარ „ნაცმოძრაობასთან“… კ-ზე იწყება გვარი, დაკავშირებულია ნაცმოძრაობასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.


ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დეკემბერში დაიწყო.  ის ამბობდა, რომ თაღლითურ სქემაში სუსი და უჩა მამაცაშვილი მონაწილეობენ. მისი ინფორმაციით, საუბარია 20 000 მოქალაქეზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობს ამ სქემაში.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი პოზიციით, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. „მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით… საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს“, – განაცხადა პრემიერმა.