ეს არის წმინდა პიარული სვლა სააპელაციო სასამართლოს წინ – ასე ეხმაურება ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე თბს ბანკის ბრიტანელი აქციონერის, იან მალქოლმ ჰოქის გამოჩენას.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში სამართლებრივად დაზარალებული არ არსებობს და ახლა ცდილობენ, დაზარალებულის სიტყვა გაჟღერდეს და საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ ვინმე დაზარალდა.
„ამას არავითარი შეხება სამართალთან არ აქვს. თან ღიმილისმომგვრელი პიარული სვლაა, როცა ვერ ასახელებს, როდის გახდა აქციონერი. როდის გახდი აქციონერი, უცებ გასცემს პასუხს, რომ არავითარი დაზარალებული არ ხარ“, – აცხადებს ზვიად კორძაძე „TV პირველთან“.
„ერთ კითხვას ვუსვამთ ახლადგამოჩენილ „დაზარალებულს“ – როდის შეიძინა აქციები და თუ ბრიტანეთის მოქალაქეა ბრიტანულ იურისდიქციაში რატომ არ შეაქვს სამართლებრივი საკითხები და რატომ ირჩევს პრესკონფერენციის გზას საქართველოში?!
ეს რომ სამართლებრივი გზა არ არის, ცალსახაა. ასეთ შემთხვევაში პრესკონფერენციებს არ გამართავდნენ და არ დაანონსებდნენ. ჯერ უნდა მიმართო და მერე უნდა თქვა. ეს თავიდან ბოლომდე ღიმილის მომგვრელი პიარული სვლაა, როცა ვერ ასახელებ როდის გახდი აქციონერი.
არავის არაფრის მოთხოვნა არ შეუძლია. რომც იყოს საქმეში ვინმეს მიმართ დაზარალებულად ცნობის საფუძველი, ეს ადამიანი ვერ იქნება, რადგან დაზარალებული თუ ვინმე შეილება იყოს ამ საქმეში ეს „თიბისი ბანკია“, რომელიც ამბობს რომ დაზარალებული არ არის. სწორედ ამიტომ ამბობს ვიღაც ფიგურანტი, რომ დაზარალებულია, რათა ეს სიტყვა ყურში გაჯდეს“, – ამბობს კორძაძე.
თბს ბანკის ბრიტანელი აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი თბს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და ბანკის გენერალურ დირექტორს მიმართავს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი ე.წ. თიბისი ბანკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
იან მალქოლმ ჰოქი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მენეჯმენტის მართვაზე წვდომით არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონზე მეტი თანხა, მიუღებელი შემოსავლის გათვალისწინებით კი ბანკი თითქმის 40 მლნ დოლარით აზარალეს.
ბრიტანელი აქციონერი წერს, რომ იმედია, ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.