ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე TBC ბანკის ბრიტანელი აქციონერი ბანკს მიმართავს

პუბლიკა

თბს ბანკის ბრიტანელი აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი თბს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და ბანკის გენერალურ დირექტორს მიმართავს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი ე.წ. თიბისი ბანკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

იან მალქოლმ ჰოქი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მენეჯმენტის მართვაზე წვდომით არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონზე მეტი თანხა, მიუღებელი შემოსავლის გათვალისწინებით კი ბანკი თითქმის 40 მლნ დოლარით აზარალეს.

ბრიტანელი აქციონერი წერს, რომ იმედია, ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.

„მინდა დავიჯერო, რომ ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკისთვის მიყენებულ 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ამ მიმართვას სხვა აქციონერებიც შემოუერდთებიან, რათა თიბისი ბანკისადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იან მალქოლმ ჰოქის მიხედვით, მისი მომავალი ნაბიჯები იქნება ღია, გამჭვირვალე და დამოკიდებული იმაზე, რას მოიმოქმედებს თბს ბანკის ხელმძღვანელობა.

დღეს იან მალქოლმ ჰოქის წარმომადგენელმა ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

დიმიტრი ტორაძის განცხადებით, მისი მარწმუნებელი არაფერს ითხოვს ხაზარაძე-ჯაფარაძისგან. ის მოითხოვს „თბს ბანკისგან“, განახორციელოს აქციონერების ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი პროცედურები ან თუ უკვე განახორციელა, დაადასტუროს ეს.

ადვოკატის განმარტებით, საქმე არცერთი ქვეყნის სასამართლოში რეგისტრირებული არაა და ჰოქი, ჯერჯერობით, მხოლოდ ბანკის სააქციო საზოგადოების სათაო ოფისთან მიმართვის პროცესშია.

ადვოკატი დიმიტრი ტორაძე ვერ პასუხობს შეკითხვას, როდიდანაა მისი მარწმუნებელი ბანკის აქციონერი, ასევე უცნობია, რა რაოდენობის აქციებს ფლობს ჰოქი. ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა, თუმცა იცის, რომ იან მალკოლმ ჰოკმა აქციები ლონდონის ბირჟაზე შეიძინა.

ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ დღეს BMG-ს გადაცემა „ანალიტიკას“  ინტერვიუ მისცა.

„ანალიტიკის“ წამყვანი დაინტერესდა, რატომ ფიქრობს იან მალკოლმ ჰოქი, რომ დაზარალდა, როცა 2008 წელს ანუ იმ პერიოდში როცა, პროკურატურის ვერსიით, დანაშაული მოხდა, ბანკის აქციები ბირჟაზე არ იყიდებოდა და გამოძიების ინტერესის პერიოდიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავიდა ბირჟზე.

ადვოკატი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდისაა აქცია შეძენილი. მისი თქმით, აქციონერს უფლება აქვს და ევალება კიდეც, იზრუნოს სააქციო საზოგადოების ინტერესებზე.

„მას მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ის საზოგადოება, რომლის აქციების მფლობელი არის იან მალქოლმ ჰოქი, არის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის მიყენების წინაშე. ვთქვათ, იმ დროს არ იყო [აქციონერი] და ზიანის მიყენების ფაქტი დადგა 2008 წელს, მაგრამ რისკი როდის არის? დღეს. […]

…დაზიანდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დღეს უნდა იყოს დაზიანებული, იმას ნიშნავს, რომ ხვალაც არ უნდა დაზიანდეს, არ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენების რისკი, გარკვეულწილად ეს პრევენციულიცაა. ის ზრუნავს სააქციო საზოგადოებაზე, ესაა კორპორაციული ერთგულება, მის მოთხოვნას დღესაც ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია, მნიშვნელობა არ აქვს, როდისაა ეს ქაღალდი შეძენილი“, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის განმარტებით, მისი მარწმუნებელი სთხოვს „თბს ბანკს“, მიაწოდოს ინფორმაცია, აქციონერთა უფლებების დაცვის მიზნით რა ღონისძიებებს მიმართა ან მიმართავს თუ არა ახლა.

„მან ლონდონის ბირჟაზე არსებული წარმომადგენლობისგან სცადა მინიმალურად საკმარისი ინფორმაციის მიღება, ის იქნა იგნორირებული, შესაბამისად, მიმართავს სააქციო საზოგადოების სათაო ოფისს, რომ მიიღოს ინფორმაცია.

ვთქვათ, გაიგო პრესკონფერენციიდან თბს-მ, მაგრამ იცის უკვე თბს-მ რომ იან მალქოლმ ჰოქს ჰყავს საქართველოში წარმომადგენელი, მომავალ კვირაში აუცილებლად მივმართავ [ბანკს]“, – განაცხადა ადვოკატმა.

წამყვანმა ადვოკატს ჰკითხა, ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალეულობის დასამტკიცებლად მაშველი რგოლი არის თუ არა ეს საქმე პროკურატურისთვის, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ შეიძლება არსებობდეს შეთქმულების თეორია და ეს არის „ბნელ ოთახში შავი კატის ძიება“.

„მინდა დაგარწმუნოთ, ბნელ ოთახში ნუ დავიკატგებით, ბნელია და ვერაფერს მივაგნებთ, შავი კატა ამ ოთახში არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.