„ბატონი გონჩარენკო მოგვიწოდებს, დაიძრას ტანკები ცხინვალისკენ და სოხუმისკენ. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან სერიოზული ეჭვები და ინფორმაციები არსებობს თვითონ უკრაინაში, რომ თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გონჩარენკომ მოღვაწეობა დაიწყო უკრაინაში ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი ხალხის ინტერესების დაცვით.
„ეს არის ადამიანი, რომელსაც ოდესის დეუკრანიზაციაში სდებდნენ ბრალს. ეს არის ადამიანი, რომლის მამაც ოდესის ოლქში ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ოდესის მერი და ძალიან სერიოზულ კორუფციულ სკანდალებში იყო გახვეული. ეს არის ადამიანი, რომლებსაც ჟურნალისტებმა აღმოუჩინეს დეკლარაციაში შეუტანელი 700 000 დოლარი, რომელიც აღმოჩნდა, რომ მისმა სიმამრმა მისცა და სიმამრმა ეს ფული იშოვა სწორედ რუსულ „გაზპრომში“ მუშაობით. როცა ასეთი ადამიანები მოგვიწოდებენ ტანკების დაქოქვისკენ, გასაგებია, რომ მათ უკან ჩვეულებრივად დგას რუსული სპეცსამსახურები“, – სუბარის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
უმრავლესობის დეპუტატი ასე გამოეხმაურა რადის დეპუტატის პოსტს, რომელშიც ის ქართველებს დაკარგული მიწების დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.
გონჩარენკომ გუშინ გააკრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.