ისტორიაში პირველად EU უკრაინას იარაღს შეუსყიდის, დაბლოკავს კრემლის მედიას და ჩაკეტავს ცას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

პუბლიკა

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 27 ქვეყანა რუსეთის თვითმფრინავებს ცას ჩაუკეტავს, დააფინანსებს უკრაინის იარაღით მომარაგებას და დაბლოკავს პრორუსულ მედიაორგანიზაციებს რუსული ინტერვენციის საპასუხოდ.

„ისტორიაში პირველად, ევროკავშირის დააფინანსებს უკრაინისთვის იარაღის შესყიდვასა და მიწოდებას, ასევე უზრუნველყოფს სხვა აღჭურვილობებითაც“, – განაცხადა ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საჰაერო სივრცე ჩაიკეტება რუსეთის მფლობელობაში, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის.

„ეს ხომალდები ვერ გადაუფრენენ, ვერ დაეშვებიან და ვერ გაემგზავრებიან“, – განაცხადა ლაიენმა.

მანვე აღნიშნა, რომ კრემლის „მედიამანქანა – სახელმწიფო Russia Today და „სპუტნიკი“, აგრეთვე, მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ ტყუილების გავრცელებას, რათა გაამართლონ პუტინის ომი და ჩვენს ერთობას საფრთხე შეუქმნან“.

მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე „ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს“.