პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მსოფლიოში ახალი რეალობა და წესრიგი მყარდება.
„რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა სპეციალური პროცედურით, დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში.
რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას“, – წერს ის.
გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს.
„დღეს ეს არჩევანი მარტივია – ან გავხდებით ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ან დავბრუნდებით რუსულ საბჭოთა კავშირში.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით.
აქტიური მოქმედების დროა. უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ, რომ რუსეთის აგრესია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო და რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოსა და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა“, – ამბობს გიორგი გახარია.
ის ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ტრადიციებით ევროპაშია.