უმრავლესობამ ოპოზიციას პარლამენტში უკრაინის ელჩის მოწვევაზე უარი უთხრა

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის, მოწვევის ინიციატივა ჰქონდა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს მოწყობა სურს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ შესაბამისი წერილი უკვე დაარეგისტრირა.

„მოგმართავთ, ხვალ პლენარულ სხდომაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნას ელჩი იგორ დოლგოვი. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, მას პლენარულ სხდომაზე მივცეთ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, მივესალმოთ უკრაინელ ხალხს და გავამხნევოთ ამ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც დღეს არის უკრაინა, როდესაც იბრძვიან სახელმწიფოს გადასარჩენად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეწყვეტა, უკრაინის მხარდაჭერასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობა, EU-ში ინტეგრაციის მოთხოვნის დაჩქარების საკითხზე მსჯელობა. დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პრემიერი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ომში რუსეთის გულშემატკივრობაში დაადანაშაულა, რასაც ბიუროზე ხმაური მოჰყვა.

ამის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიცია შოუს მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.

„არც უკრაინა გადარდებთ, არც მშვიდობა გადარდებთ უკრაინაში და ყველაფერს აკეთებთ, რომ დადგათ შოუ და იაფფასიანი სპექტაკლი. კითხვის ნიშნები მაქვს უკრაინის ელჩთან მიმართებით. თუ თქვენ საქმიანი დისკუსია გინდათ, უკრაინის ელჩს შევხვდეთ ერთად, მაგრამ ეს, რაც გააკეთეთ, იმავეს გაკეთებათ გინდათ, ალბათ, ხვალაც და ზეგაც…სამარცხვინოებო, თქვენ! ბატონო შალვა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აქ რაც მოხდა, ბატონ დოლგოვს შევხვდეთ, დაველაპარაკოთ ჩვენ და გავუკეთოთ უკრაინას რაც საჭიროა, თუმცა ამ სპექტაკლების გარეშე“, – განაცხადა სამხარაძემ.

„არ მოგცემთ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ნაც-ქოცურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ხელის აწევით, ავწიოთ ყველამ ხელი, ბიუროს წევრები ვართ, დავადასტუროთ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტში სხდომაზე, სადაც იქნება პოლიტიკური განცხადებები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი მოვიწვიოთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიმართოს, თუნდაც მადლობისთვის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრთა დეპუტატების ერთიანობის სურვილი 2 წუთსაც ვერ ძლებს და ოპოზიციის საქციელი სპექტაკლების დადგმას ჰგავს.

შალვა პაპუაშვილის საპასუხოდ სალომე სამადაშვილმა განცხადების გაკეთება სცადა, თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს. უმიკროფონოდ საუბრის შემდეგ მან დარბაზი დატოვა.

„ქალბატონო სალომე, თქვენი საქციელი რამენაირად არის სოლიდარობა უკრაინის მიმართ? ეს არის ის, რაც გინდათ აჩვენოთ უკრაინის ელჩს? ეს გინდათ თქვენ, იქ გინდათ, შურაცხყოფა მიაყენოთ თქვენს კოლეგებს უკრაინის ელჩის მხარდაჭერით და ამის საშუალებას არ მოგცემთ…როგორც რიგგარეშე სხდომაზე გქონდათ გაუგებარი ფორმატი მოთხოვილი, ახლაც ასე ითხოვთ გაუგებარ ფორმატს. თქვენი საქციელი, ამის დემონსტრირება თუ სურს ზოგს ხვალ პლენარულ სხდომაზე, ნამდვილად არ იმსახურებს ამას უკრაინის ხალხი, ასეთი საქციელი არ უნდა ნახონ“, – მიმართა დეპუტატს შალვა პაპუაშვილმა.