საქართველოში არაავტორიზებულ რუსულ არხებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება - კომუნიკაციების კომისია

პუბლიკა

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რას აპირებს კომუნიკაციების კომისია ევროკავშირში აკრძალულ ისეთ რუსულ პროპაგანდისტულ მედიებთან დაკავშირებით, როგორიცაა Russia Today, „სპუტნიკი“, ასევე პრორუსული „ალტ-ინფო“, უწყებაში გვპასუხობენ, რომ, ქართული კანონმდებლობით, მათზე კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ომის პროპაგანდა, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა გზით შუღლის გაღვივება, ძალადობისკენ წაქეზება, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სხვა ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები არ რეგულირდება კანონით. ქართულ სატელევიზიო არხებზე ასეთი თემების სავარაუდო დარღვევის შემთხვევების განხილვა, მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებშია შესაძლებელი, თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი არ საჩივრდება.

რაც შეეხება უცხოურ არხებს, მათ შორის რუსულ მაუწყებლებს, რომლებიც საქართველოში არ არიან ავტორიზებული პირები, ქართული კანონმდებლობით მათზე კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.