ეს ხელისუფლება არც პროამერიკულია, არც პრორუსულია, არც პროქართულია - გახარია

პუბლიკა

„ეს ხელისუფლება არც პროამერიკულია, არც პრორუსულია, არც პროქართული, ეს ხელისუფლება დღეს არის შეპყრობილი ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, არის თუ არა ქართული ხელისუფლება პრორუსული.

„უბრალოდ, დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში ჩამოყალიბებული ძალაუფლების სტრუქტურა… შეუძლებელია ასეთი ძალაუფლების სტრუქტურა დემოკრატიულ ევროპულ სინამდვილეში. რუსულ სინამდვილეში ეს შესაძლებელია. ამიტომ ყველას ახლა კარგად უნდა გვესმოდეს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობაზე, პროამერიკულობაზე ან პროქართულობაზე საუბარი ერთი და იგივე წყლის ნაყვაა“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია სიმხდალედ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით.

„სიმხდალეს ამართლებენ სიფრთხილით. არცერთი ქვეყანა, უკრაინის ჩათვლით არ ითხოვდა ჩვენგან სანქციებზე შეერთებას. ჩვენ გამოვდივართ და ხმამაღლა რაღაც განცხადებებს ვაკეთებთ. არავინ ელოდა, რომ საქართველო ამ სანქციებს შეუერთდებოდა ან უარს იტყოდა.

მაშინ, როდესაც საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში განვითარებული დემოკრატიული თანამედროვე მსოფლიო არის ერთ მხარეს და ახალი მსოფლიოს დღის წესრიგს ქმნიან, ჩვენ ვართ ცალკე. ეს როგორ უნდა ავუხსნათ ჩვენს მომავალ თაობებს? ამის გარდა, როდესაც ეს ყველაფერი პრაგმატული პოლიტიკით აიხსნება, ეს ჩვენი მოქალაქეების მოტყუებაა“, – აცხადებს გახარია.